ახალი ამბები

საქართველოში, იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორიმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ გრიპის გავრცელებასა და ვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით საქართველოში „კოვიდ 19“-ით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა.

„გვქონდა გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა. მაგალითისთვის მოგახსენებთ, რომ აშშ-ში წინა კვირაში გრიპით გარდაცვალების 569 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო კვირაში კი – 271. იგივე ამერიკაში „კოვიდით“ 410-გარდაცვალება დაფიქსირდა. საქართველოში „კოვიდით“ გარდაცვალება არ ყოფილა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მიმდინარე ვირუსების დაახლოებით, 43 %-ი მოდის H1N1 გრიპზე, 4%-ი – H3N2 შტამზე, ამის შემდეგ ყველაზე ხშირია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი და მასზე 20%-ი მოდის.

„ბოლო პერიოდში გაიზარდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც აავადებს, როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს და გრიპისა და „კოვიდის“ შემდეგ ყველაზე საშიში ინფექციაა, რადგან ბავშვებში იწვევს ბრონქიოლიტის. ამის შემდეგ 2-5 პროცენტი მოდის 3 რესპირატორულ ინფექციაზე, ეს არის ადენოვირუსები, რინოვირუსები და „კოვიდი“. ასეთი ასორტიმენტია დღეს.
ახლა, რადგან გრიპი დომინირებს, ძალიან აქტუალურია გრიპის ვაქცინით აცრა. მოსახლეობაში ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრევენციული პრიორიტეტი.
მოიმატა აცრების რიცხვმა, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი მოცვა. სახელმწიფომ უფასოდ შემოიტანა 200 ათასი ვაქცინა, რომელიც ჯერ მთლიანად ათვისებული არ არის. ვაქცინის დეფიციტი არ არის, კერძო სტრუქტურებსაც შემოაქვთ და ბევრია გრიპის ვაქცინა. ეს არის 4-4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც შეიცავს A გრიპის 2 -კომპონენტს და B გრიპის 2-კომპონენტს და სრულად ფარავს იმ შტამებს, რომლებიც შეიძლება წლის განმავლობაში შეგხვდეს. ვაქცინა იცავს 40-60 პროცენტის შემთხვევაში, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია“,-
განაცხადა ცერცვაძემ.