ახალი ამბებისტატიები

,,ორიგინალური ისეთივე, როგორც შენ ხარ “- Tamarela’s Art გურჯაანიდან

საყურეები, თმის სამაგრები, ბროშები, ჭიქისა და კედლის დეკორაციები, პორტრეტული ინტერიერის აქსესურები, ეს ის ჩამონათვალია რასაც გურჯაანში მცხოვრები თამარ გორხელაშვილი ხუთი წელია ქმნის. მისი მთავარი მოტივატორი შინაგანი ძალაა, რასაც შეკვეთის დამზადების დროს გრძნობს.

თამარი ხელოვნების ნიმუშების დამზადებით ხუთი წლის წინ დაინტერესდა. იგი, თავდაპირველად, ნაძვის ხის სათამაშოებს ამზადებდა. მუშაობის დაწყებისთანავაე მიხვდა, რომ მისმა ნამუშევრებმა საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც მუშაობის გაგრძელების მოტივატორი გახდა.

,,ნაძვის ხის სათამაშოების შემდეგ, რომელსაც ვქმნიდი ჰაერზე შრობადი თიხის მეშვეობით, გადავედი ცივ ფაიფურზე და ახლა ვმუშაობ პოლიმერულ თიხაზე.“.

თამარი ამბობს, რომ თავდაპირველად აქსესუარების დამზადების ხელოვნებას ინტერნეტში მოძიებული ვიდეობის მეშვეობით სწავლობდა. ახლა კი იდეების მუშაობის და შეკვეთის პროცესში ებადება.

,,დასაწყისისთვის, ძიების პროცესში, ინფორმაციებს ვიძიებდი ინტერნეტში, ვუყურებდი ვიდეოებს, როგორ მეკეთებინა. ეტაპობრივად, ჩემი მუშაობის მიმართულებაში ჩამოყალიბდა ყვავილებისა და ყურძნების ხაზი. როდესაც მომხმარებელი მთავაზობს ახალი იდეის შექმნას, მეუბნებიან, მაგალითად, მხოლოდ ყვავილის დასახელებას, დანარჩენი კი, მენდობიან. მსგავს მოდელებს ვერსად ნახავთ.“

 

F: Tamarela’s Art

ხელოვანი ამბობს, რომ ყველაზე მოთხოვნადი ყურძნის ხაზია და სწორედ ამ მიმართულების განვითარებას გეგმავს. რაც შეეხება რეალიზაციას, ძირითადად, ეს არის საიტი, სადაც შეკვეთებს იღებს. მონაწილეობს გამოფენებშიც.

,,შემოდგომაზე, გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დავამზადე ყურძნის ბოცები, ჭიქები, არც ერთი მოდელი არ დამრჩა, ისე გაიყიდა. ევმუშაობ, რომ ეს მიმართულება უფრო მეტად განვავითარო. შეკვეთები მაქვს საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისგან და არაქართველებისგანაც. როდესაც ბევრი შეკვეთა მაქვს, მეხმარებიან ჩემი შვილები. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, თუ ერთი ბროშის დამზადებას ჭირდება 2, 3 საათი, ერთ თოჯინის დამზადებას ჭირდება ერთი თვიდან 2 თვემდე პერიოდი. რაც შეეხება შეფუთვას, ჩემი ბრენდის შექმნა უკავშირდება ჩემს მეგობარს. არის სადა და ლამაზი. დატანებული აქვს წარწერა – ორიგინალური ისეთივე, როგორც შენ ხარ, -ინგლისურ ენაზე და ამას ამართლებს. მაქვს ორიგინალური ნამუშევრები და არ ვბაძავ არავის“.

თამარი ამბობს, რომ ყველაზე მეტი შეკვეთა ახალი წლისთვის და გაზაფხულზე, დღესასწაულების პერიოდში აქვს. ხელოვანი ერთი წელია რაც პორტრეტული ინტერიერის თოჯინების შექმნით დაინტერესდა. გაიარა კურსი და ამბობს, რომ ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება გახდა.

,,ერთი წლის წინ ჩემმა მოსწავლემ დამიფინანსა პორტრეტული ინტერიერის  შესწავლის ხაზი და მას შემდეგ უკვე 6 თოჯინა შევქმენი. ეს არის პოლიმერული თიხის საკოლექციო თოჯინები, ინტერიერის დეკორი. ვქმნი პორტრეულ თოჯინებს და თავისუფალ სტილშიც ვმუშაობ. მინდა შევქმნა ლიტერატურის პერსონაჟები, ცნობილი ადამიანების სახეები, ბევრი იდეა მაქვს და მინდა, რომ ყველაფერს ფრთები შევასხა“.

ხელოვანს ახლო მომავალში ბევრი გეგმა აქვს. ამ ეტაპზე, ის გამოფენაში მონაწილეობისთვის ემზადება. მუშაობს თოჯინაზე, რომელიც  კოლორიტი პერსონაჟი იქნება კახეთიდან.

,,პროფესიით ქართულის ფილოლოგმა, შევისწავლა თიხაზე მუშაობა და მადლიერი ვარ ამ უნარისთვის. ამ საქმეში უმთავრესია შინაგანი მოტივაცია, სურვილი, ნებისყოფა, თვითგანვითარებაზე ზრუნვა, კრიტიკული ხედვა, რომლის მეშვეობითაც უამრავი კეთილი საქმე კეთდება. ჩემი მიზანია, შევქმნა არაჩვეულებრივი პერსონაჟები და ხელი შევუწყო ჩემს მხარეში ამ მიმართულების განვითარებას“.