ახალი ამბები

სასამართლოებში შესული საქმეების 49% სასესხო დავებს უკავშირდება

მედიაში, სამი დღეა გააქტიურდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახების იძულებით გამოსახლების ფაქტები. კეკელიძის ქუჩაზე გამოასახლეს ოჯახი, იგივე პროცესი იგეგმებოდა დადიანის ქუჩაზე, თუმცა გადაიდო. როგორც ცნობილია, აღნიშნული კერძო გამსესხებლების მიმართ შეუსრულებელ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული.

ამ ფაქტების გააქტიურების ფონზე, იურისტები თუ საკითხის სპეციალისტები, იმ ხარვეზებზე საუბრობენ, რაც აღნიშნული საკითხის რეგულირების კუთხით არსებობს ქვეყანაში. კერძოდ, იურისტები ხაზს უსვამენ იმას, რომ იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად კერძო გამსესხებლები თანხის გასესხების სანაცვლოდ მოქალაქეს უფორმებენ ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებებს, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ „მსესხებელი ავტომატურად უფორმებს უძრავ ქონებას გამსესხებელს“.

ამასთან, იურისტების ნაწილი აცხადებს, რომ ასეთი კაბალური ხელშეკრულებების შესახებ დავები ამ დროისათვის ძირითადად ჯერ სასამართლოებშია და წინ არის მათი აღსრულების დრო და გამოსახლებები.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, 2017-2022 წლებში სასამართლოებში შესული სამოქალაქო საქმეების თითქმის ნახევარი სასესხო დავებს უკავშირდება. ასეთია დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევის მონაცემები.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ეს არის 230 ათასზე მეტი სასესხო დავა ბოლო 5 წლის განმავლობაში.

„2017-2022 წლებში საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად შესული საქმეების საერთო მასის 73 %-ს სამოქალაქო საქმეები, 14 %-ს სისხლის და 13 %-ს ადმინისტრაციული საქმეები შეადგენენ.

საანგარიშო პერიოდის დასაწყისიდან ბოლომდე სამოქალაქო საქმეების რაოდენობა 23 047 საქმით (30%) გაიზარდა, თუმცა მზარდი ნაკადის პირობებში სამოქალაქო საქმეთა განხილვის ხანგრძლივობა ბოლო წლებში შემცირებისკენ მიდის.

სამოქალაქო სასამართლოებში შესული სამოქალაქო საქმეების ნახევარი – 49% სესხიდან გამომდინარე დავებს უჭირავთ. სხვა ცალკეული კატეგორიის დავების რაოდენობა არ აღემატება 6%-ს. სასამართლოების დატვირთვაში 5% მოდის უდავო წარმოების საქმეებზე. დარჩენილ 15 %-ში ერთიანდება ყველა სხვა დავათა მრავალფეროვნება, რაც არ მიეკუთვნება არც ერთ ჩამოთვლილ კატეგორიას,“ -აღნიშნულია კვლევაში.

მევახშეების პრობლემის შესახებ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 11 000 სესხია ინდივიდუალური გამსესხებლების მიერ გაცემული, ბინის ჩადებით და გამოსყიდვის უფლებით, ხოლო იპოთეკური სესხი ასეულ ათასობით თანამოქალაქეს აქვს კერძო ბანკებიდან და ბანკებშიც არის ეს პრობლემა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ეს ვითარება შექმნილია ხელისუფლების მიერ, რომელმაც, მისი თქმით, გადაწყვიტა, რომ ვითომ დახმარებოდა მოქალაქეებს, რომლებმაც არ იციან, როგორ აიღონ ფული. მათ დამატებითი რეგულაციები დაუწესეს და უმძიმეს პირობებში ჩააგდეს ადამიანები, რომლებსაც ბანკში სესხის აღება არ შეუძლიათ და გაჭირვების დროს სხვა გამოსავალი არ აქვთ.