მე-10-მე-12 კლასებში მოსწავლეები შესაძლოა, პროფილურ სწავლებაზე გადავიდნენ
მე-10 – მე-12 კლასებში მოსწავლეები შესაძლოა, პროფილურ სწავლებაზე გადავიდნენ. შესაბამისი ცვლილების შეტანა ზოგადი განათლების სისტემის სტანდარტში იგეგმება, რომელზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობას.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განაცხადა, საორიენტაციოდ იქნება სამი ძირითადი პროფილი: საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და მათემატიკური.
მისივე თქმით, პროფილური სწავლება, თავდაპირველად, 50-მდე სკოლაში, პილოტირების რეჟიმში, შესაძლოა, მომდევნო სასწავლო წლიდან დაიწყოს.
„სკოლის მესამე საფეხურზე, შესაძლოა, შემოვიდეს პროფილური განათლება. რაღაც მიმართულებით სწავლობთ სტანდარტულად, რაღაც მიმართულებით შეგიძლიათ გაღრმავებულად ისწავლოთ. მაგალითად: ვისაც აინტერესებს საბუნებისმეტყველო საგნები, შედარებით ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს ჰუმანიტარულ საგნებს, მაგრამ ზოგადი განათლების პრინციპი მოითხოვს, რომ ამ ტიპის განათლებაც ჰქონდეს. აქ შედარებით დაბალი მოთხოვნების სტანდარტი შეიძლება დაიდოს, გაღრმავებული სწავლების დროს ეს სტანდარტი უფრო მეტს მოითხოვს. ცალკეულ სკოლაში ამის მაგალითები გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად სისტემაზე. სკოლაში არის 3 საფეხური: 1. დაწყებითი (პირველი-მეექვსე კლასები), 2. საბაზისო (მეშვიდე-მეცხრე კლასები) და 3. სრული საშუალო (მეათე-მეთორმეტე კლასები). შესაძლოა, მესამე საფეხურზე ორი სტანდარტი (ჩვეულებრივი და გაღრმავებული) დაგვჭირდეს, ამაზეც მიდის საუბარი. პროფილური განათლება დღის წესრიგში დგას სერიოზულად. საორიენტაციოდ (ტრადიციულად ასე იყო), იქნება სამი ძირითადი პროფილი: საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და მათემატიკური (თუმცა, სკოლის ორგანიზაციული. ინფრასტრუქტურული და საკადრო შესაძლებლობის კვალობაზე, ალბათ, არც სხვა პროფილები უნდა შეიზღუდოს ). თუ მე ჰუმანიტარულზე ვსწავლობ, გაძლიერებულად ვისწავლი ლიტერატურას, ისტორიას, ხელოვნებას, შეიძლება ფილოსოფიას, სხვა საგნებსაც ვისწავლი, მაგრამ ნაკლები მოთხოვნით (ანუ – „ჩვეულებრივი“ სტანდარტით). პირველ ეტაპზე, სადღაც 50 სკოლამდეა, რომლებშიც საპილოტე რეჟიმში „მოითელება“ შესაბამისი პროგრამები. ამ სისტემის პილოტირება შესაძლოა, ახალი სასწავლო წლიდან დაიწყოს“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში მურღულიამ.