ახალი ამბები

TI: მთავრობამ 2023 წელს 531 განკარგულება დამალა

საქართველოს მთავრობამ 2023 წელს 48 სხდომაზე მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან არცერთი არ გასაჯაროებულა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) წერს.

TI განმარტავს, რომ განკარგულებების 23% ანუ ყოველი მე-4 განკარგულება, კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ან მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული პირობების გადახედვას ეხებოდა, რაც კორუფციულ რისკებს შეიცავს.

ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელს მთავრობამ 48-დან 4 სხდომის დღის წესრიგი არ გაასაჯაროვა. დოკუმენტების მიღება შეუძლებელი ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც.

„უკვე 3 წელზე მეტია მთავრობა გადაწყვეტილებებს დახურულ რეჟიმში იღებს. ამ მიდგომით, მთავრობა, არამხოლოდ ამცირებს მისდამი ნდობას, არამედ აჩენს ეჭვს, რომ მიზანი პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვა შეიძლება იყოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

TI-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ განკარგულებების დამალვა რამდენიმე სამართლებრივ აქტს არღვევს, რომელთა შორისაცაა:

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებულ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას;
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის საქვეყნოების პრინციპს, ამავე კოდექსის მესამე თავით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის დადგენილ წესებს;
მთავრობის რეგლამენტს განკარგულებების მაქსიმუმ 3 დღეში ვებგვერდზე ატვირთვასთან დაკავშირებით;
მთავრობის დადგენილებას, ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე.
ორგანიზაცია მთავრობის ადმინისტრაციას მოუწოდებს, განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე უარი თქვას, შეასრულოს კანონის მოთხოვნა და გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე საკანონმდებლო მაცნეზე, ასევე, დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.