ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპაში წითელას მზარდი შემთხვევების ფონზე სასწრაფო ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის
ევროპაში, წითელას მზარდი შემთხვევების ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ,,სასწრაფო” ვაქცინაციის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისი ავრცელებს.
მათი ცნობით, 2023 წლის პირველ 10 თვეში ევროპაში წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირებულა, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში. განცხადებაში ისინი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებენ, “სასწრაფოდ” დაიწყონ იმუნიზაციის კამპანიები.
კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა 2023 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში წითელას 30 000-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც მთლიანად 2022 წელს მხოლოდ 941 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მათი ცნობით, შემთხვევებმა ბოლო თვეებში მოიმატა და სასწრაფო ზომების არმიღების შემთხვევაში ტენდენცია გაგრძელდება.
ჯანმო-ს ცნობით, წითელას შემთხვევების ზრდა ვაქცინაციის დონის დაქვეითებითაა გამოწვეული. წითელა კი, თავის მხრივ, ინფექციური ვირუსია, რომელიც იწვევს ცხელებას, ხველას, და იშვიათ შემთხვევებში, პნევმონიას, ტვინის ანთებასა და სიკვდილს.