კახეთის მუნიციპალიტეტებში თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა
ინტენსიური თოვის გამო, დილიდან თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კი მხოლოდ მაღალი გამავლობის ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის არის მოძრაობა დასაშვები. მოძრაობას გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.
შეზღუდვებია ენერგომომარაგებაშიც. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც, რეგიონის მასშტაბით, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. საგანგებო რეჟიმში მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
აღნიშნულ საკითხზებზე მედიასთან კომენტარი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გივი მეტრეველმა გააკეთა. მისი თქმით, კახეთში ყველა შესაბამისი სამსახური, დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს და გზებზე იყრება ტექნიკური მარილი.
,,საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა და ამან გარკვეული ტიპის შეფერხებები შექმნა გზებზე. ამინდის პროგნოზის მიხედვით, ინტენსიური თოვა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. რაც შეეხება შიდა და სახელმწიფო დანიშნულების გზებს, გახსნილია. ერთადერთი შეზღუდვა მოქმედებს გომბორის გზაზე, სადაც დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით გადაადგილება. სხვა გზებზე მოძრაობა თავისუფალია.
თოვლმა პრობლემები შეუქმნა ელექტროგადამცემ ხაზებს. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტს, კონკრეტულად კი ახმეტის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებს. იქ სადაც პრობლემებია, ენერგოკომპანია გაუჩერებლად მუშაობს და იმედი გვაქვს დროულად მოგვარდება აღდგება ენერგომომარაგება.
რაც შეეხება თელავში მუნიციპალურ ტრანსპორტს, აქაც ამ დროისთვის შეზღუდულია გადაადგილება, იწმინდება გზა. იმედი გვაქვს მოძრაობა აღდგება დღის მეორე ნახევრიდან ცენტრალურ ქუჩებზე. რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებებს, რათქმაუნდა იქ მეტია თოვლი, მაგრამ გზები ჩაკეტილი არ არის. ყველა მუნიციპალური სამსახური მობილიზებულია, რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნას”,- განაცხადა გივი მეტრეველმა.