ადგილწარმოშობის დასახელება „ყვარელი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული
ადგილწარმოშობის დასახელება „ყვარელი“ „საქპატენტში“ 2007 წლის 10 დეკემბერს არის რეგისტრირებული.
„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
ამჟამად, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ყვარელი“ არ იზიარებს ყვარლის მხარეში გაბატონებული „ქინძმარაულის“ ისტორიულ წარსულს, დაყენების ხანგრძლივ ტრადიციასა და ლეგენდებს, რომლებიც ყვარლის ციხეზე აშენებულ მარანს უკავშირდება. ღვინო „ყვარლის“ წარმოშობა პირდაპირ კავშირშია XX საუკუნეში დაწყებულ ინდუსტრიულ განვითარებასთან. უნდა ვაღიაროთ, რომ სისტემურმა მიდგომამ ღვინის ქარხნების აშენებასთან დაკავშირებით და გაბატონებულმა საბჭოთა მიდგომამ – რაოდენობა ხარისხის ნაცვლად, ერთი მხრივ, გამოიწვია ღვინის ხარისხის გაფუჭება, მეორე მხრივ კი შეიწირა ოჯახური წარმოება, ღვინის დაყენების ექსკლუზიური, ორიგინალური მეთოდები და მეტი ასპარეზი მისცა ფალსიფიცირებას, ღვინის ხარისხის დაწევას. ამ ფაქტს ყველაზე ზუსტად და თან ხატოვნად გადმოსცემს ოთარ იოსელიანის საეტაპო ფილმი „გიორგობისთვე“. ამავდროულად, ვერ უგულებელვყოფთ იმ ფაქტს, რომ ქარხნული წარმოების შედეგად მიღებული არაერთი დასახელების ღვინო დღემდე დარჩა ბაზარზე და დაიმკვიდრა თავისი გამორჩეული ადგილი გეოგრაფიული აღნიშვნების პროდუქტების რუკაზე.
ერთ-ერთი მათგანია ღვინო „ყვარელი“ – წითელი მშრალი ღვინო. მას აქვს მუქი წითელი ფერი. უზადო, გემოზე სავსე, ექსტრაქტული, ხავერდოვანი და ჰარმონიული გემო, გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით. დავარგებისას მას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლს.
ღვინო „ყვარელი“ იწარმოება 1966 წლიდან ყვარლის ღვინის ქარხანაში. თავისი 30-წლიანი ისტორიის მანძილზე, 1990 წლამდე ღვინოს მოპოვებული აქვს 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი. „ყვარლის“ განსაკუთრებულ გემურ თვისებას განსაზღვრავს გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც გამორჩეულია ზომიერად თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხულით, ნალექების ზომიერი რაოდენობით. საფერავის ჯიშის ყურძენს კი, რომლითაც ეს ღვინო მზადდება, მხოლოდ ამ მიკროზონაში გააჩნია განსაკუთრებული მახასიათებლები, რაც ღვინოს სძენს გამორჩეულ ორგანოლეპტიკურ თვისებებს. ყურძენი მოკრეფის დროს აუცილებლად უნდა იყოს მწიფე, არანაკლებ 19%-იანი შაქრიანობით.
ღვინო „ყვარლის“ წარმოებისთვის განკუთვნილი ყურძენი მხოლოდ ყვარლის მიკროზონაში უნდა იყოს მოწეული. დასაშვებია მხოლოდ 15%-იანი მინარევი სხვა საფერავის ჯიშის იმ ყურძნიდან, რომელიც მოკრეფილია სხვა ზონაში, ისიც კახეთის მევენახეობის ფარგლებში. ამ პროპორციის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ღვინომ არ დაკარგოს ის ინდივიდუალური თვისებები, რაც მის აღწერაშია წარმოდგენილი.
ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ყვარელი“ რეგისტრირებულია „საქპატენტში“ 2007 წლის 10 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#