საგარეჯოს მერის ინიციატივით, 19 იანვარს, სროლისას გარდაცვლილთა მემორიალი გაიხსნება
19 იანვრის ღამის ტრაგიკული შემთხვევიდან, რა დროსაც რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა, 1 წელი გავიდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ კუნძულზე, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი განთავსდება. უწყებაში აცხადებენ, რომ ყოველი წლის 19 იანვარს, მემორიალი იქნება შეკრების ადგილი, სადაც მსურველებს საშუალება ექნებათ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგონ.
მასობრივი სროლა საგარეჯოში 2023 წლის 19-20 იანვრის ღამეს მოხდა. სროლა მოხდა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან, რის შედეგადაც მსროლელმა, 1974 წელს დაბადებულმა ვეტერანმა ნოდარ ათუაშვილმა, მოკლა 5, ხოლო დაჭრა – 5 პირი. სროლა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მსროლელმა, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავი მოიკლა.