ახალი ამბები

რუსი მწვრთნელი თელავის საფეხბურთო კლუბში – მოქალაქეების პროტესტი

საფეხბურთო კლუბ “თელავის” ადმინისტრაციამ მწვრთნელად რუსი სპეციალისტი, 50 წლის ოლეგ ვასილენკო მოიწვია – ინფორმაცია ახალი მწვრთნელის შესახებ კლუბის ფეისბუკის გვერდმა გაავრცელა.

ამ საკითხმა საზოგადოებაში  პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივების უმრავლესობის აზრით,  ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი აღნიშნულ პოზიციას არ უნდა იკავებდეს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ათეულობით მოქალაქე გამოეხმაურა და თელავის საფეხბურთო კლუბის ეს გადაწყვეტილება არასწორად შეაფასა. თავად კლუბში ამ საკითხზე  განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.

,,სამარცხვინოა, როდესაც თელავის საფეხბურთო კლუბის  რუს მწრთვნელს სიხარულით ეგებებიან და ულოცავენ. ხშირად არის მოსაზრება, სპორტის და კულტურის გამიჯვნა უნდა მოხდეს პოლიტიკიდან, თუმცა ასე არ ვფიქრობ. რუსეთი არის ოკუპანტი, მას ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია.  ახლო ისტორიაც არ უნდა დაგვავიწყდეს, ოთხოზორია ტატუნაშვილი, ანწუხელიძე და ახლა უკვე სალოცავში შესვლის გამო მოკლული თამაზ გინტურის ქვეყანა ვართ.

 

იმედია, საფეხბურთო გუნდში აღმოჩნდებიან ისეთი ღირსეული ადამიანები, რომ გააპროტესტონ ეს ყველაფერი.  ვინაიდან საქართველოში გვყვავს საკმაოდ კარგი მწრთვნელები, ხოლო მისი ვლადიკავკაზის “ალანიას” გამოცდილება და სხვა მრავალი, წავიდეს და მოახმაროს თავის ქვეყანას”.

 

იგი მთავარი მწვრთნელი იყო ასევე შემდეგ კლუბებში: “სატურნი”, ბელარუსის მინსკი” დინამო”, “კრასნოდარი”, “ანჟი”, “ურალი”, “სოჩი”, ლატვიის “რფს რიგა”, ლიეტუვის “ტრაკაი”, კალინინგრადის “ბალტიკა”.

კლუბის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი „თელავი“ 2016 წელს დააფუძნეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ალექსანდრე ამისულაშვილმა, სოსო გრიშიკაშვილმა და ირაკლი ვაშაკიძემ.