პროკურორი- აითაჯის დედამ, შვილი მანქანაში სხვისი ძალდატანების გარეშე ჩასვა და იმ სახლში დააბრუნა, საიდანაც ის გამოიქცა
პროკურორ ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ, ეგანა მაგარამოვამ გაქცეული შვილი მანქანაში სხვისი ძალდატანების გარეშე ჩასვა და იმ სახლში დააბრუნა, საიდანაც ის გამოიქცა.
“დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარისთვის და სასამართლოსთვის ცნობილი გახდა ფაქტი, რომ ბრალდებული ეგანა მაგარამოვა ჩასული იყო ბადიაურში და სხვისი ძალდატანების გარეშე შვილი ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა იმ სახლში, საიდანაც გამოიქცა. ვინაიდან დღეს დაკითხული მოწმეები იმ სახლში არ იმყოფებოდნენ, სადაც ბიძის ჩართულობა და როლი გამოიკვეთა, მათ არ უსაუბრიათ. დედის მოტივზე თავად დედამ უნდა ისაუბროს, საქმეში ლოგიკური კავშირით რაც დადგენილია, არის ის, რომ ბავშვმა დედას დაურეკა, რისი მიზანიც იმ გარემოს მოშორება იყო, მაგრამ ფაქტად მივიღეთ ის, რომ ბავშვი დედასთან ერთად დაბრუნდა იმ სახლში, საიდანაც გამოიქცა”,– განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, მკვლელობაში ბრალდებულს ხომ არ უსვრია და ხომ არ დამუქრებია მოკლულის დედას, პროკურორი პასუხობს, რომ ეს გამოძიებით დადგენილი არ არის.
“დღევანდელ სასამართლო პროცესზე მეც, ბრალდებულ ეგანასაც ჰქონდა კითხვების დასმის საშუალება და მან კითხვები დასვა, თუმცა, ამ საკითხებზე არ უსაუბრია, არ უკითხავს იმ მოცემულობით, რომ მკვლელობაში ბრალდებული დაემუქრა, იარაღი ისროლა. ჩვენ გამოძიებით ეს გარემოებები დადგენილი არ გვაქვს, შესაბამისად, გამოძიებით არსებულ გარემოებებზე შემიძლია ვისაუბრო, ეს არ ყოფილა გამოკვეთილი, თავად ბრალდებულს ამ საკითხებზე არ უსაუბრია”,- განაცხადა გოგრიჭიანმა.
ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე არასრულწლოვნის დედა ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი დააკავეს. ისინი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა. რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.