ჩერნობილის და 9 აპრილის დაზარალებულები და გარდაცვლილთა ოჯახები გაზრდილ საპენსიო დანამატს მიიღებენ
საქართველოს მთავრობამ „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ დადგენილება გამოაქვეყნა.
პრემიერ მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც 15 იანვარს გამოქვეყნდა ირკვევა, რომ 1 იანვრიდან ჩერნობილის ატომური კატასტროფით დაზარალებულები პირები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები 40 ლარის საპენსიო დანამატს მიიღებენ. ხოლო, 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებული პირები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები 60-დან 80 ლარამდე დანამატს.
უფრო კონკრეტულად:
ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს – ყოველთვიურად 40 ლარი;
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მარჩენლის დაკარგვისათვის პენსიის მიმღებ ოჯახებს – ყოველთვიურად 40 ლარი;
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებსა და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრებს – ყოველთვიურად 40 ლარი;
1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – ყოველთვიურად 80 ლარი;
1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლებს, შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც აღარ დაქორწინებულა, არასრულწლოვან შვილს ან/და ნაშვილებს – ყოველთვიურად 80 ლარი;
1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს – ყოველთვიურად 60 ლარი.
დადგენილება ძალაში 2024 წლის 1 იანვარს შევა.
აღსანიშნია, რომ 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულთათვის კომპენსაცია 22 ლარიდან 44 ლარამდე იყო. რაც შეეხება ჩერნობილის კატასტროფით დაზარალებულთა დანამატებს, კომპენსაცია 7 ლარს შეადგენდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2021 წელს საქართველოს იმჟამინდელ პრემიერს გიორგი გახარიას, კომპენსაციების ზრდის მოთხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღეს. ასევე, გასული წლის აგვისტოში 9 აპრილს დაზარალებული პირებისა და მარჩენალდაკარგულებისთვის კომპენსაციის ზრდის მოთხოვნით პრემიერს სახალხო დამცველმა მიმართა.