მთავრობამ ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიას სიღნაღში, პრივატიზაციის პირობები შეუცვალა, დეტალები კი უცნობია – TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობამ ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიას პრივატიზაციის პირობები შეუცვალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომლის მიხედვითაც, პრივატიზაციის პირობების შეცვლის დეტალები უცნობია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მთავრობის ადმინისტრაციას მოუწოდებს, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედოს, „უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და დოკუმენტები საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს“.
„4 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში. მთავრობის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს, კონკრეტულად რა შეიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კორუფციისადმი მოწყვლადი სფეროა, განსაკუთრებით როდესაც ქონება ოფშორულ კომპანიებს გადაეცემა, აუცილებელია გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტის დაცვა.
2014 წელს სახელმწიფომ „სომგოს კომპანიას“ სიღნაღში 35,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა, სასტუმროს აშენების, ვენახის გაშენებისა და ადგილობრივების დასაქმების პირობით. საინვესტიციო ვალდებულება თავდაპირველ დათქმულ 3 წლის ვადაში არ შესრულდა, რის შემდეგაც ვადა 2-ჯერ გახანგრძლივდა, 2016 და 2018 წლებში. 2023 წლის 4 დეკემბრის განკარგულებაც, სავარაუდოდ, პროექტის საინვესტიციო ვადის მორიგ ჯერზე გახანგრძლივებას ეხება. პრივატიზაციის ეს შემთხვევა წარსულში “ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტების დაკვირვების საგანიც გამხდარა.
პრივატიზაციის საინვესტიციო პირობების შეცვლა ხშირი პრაქტიკაა და ეს თავისთავად არ არის პრობლემა. კითხვები ჩნდება მაშინ, როდესაც მთავრობა პირობებს უცვლის მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირს და ამის შესახებ ინფორმაციას მალავს.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები“, – ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.