სოფელ ჩუმლაყში წარმოებული სოუსები ჩინეთში ექსპორტზე გავა
კომპანია ,,კეთილი და პატიოსანის” დირექტორი გიორგი ახალაძე ამბობს, რომ 2023 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან წარმოებაში ჩაუშვეს სოუსების პროექტი და ბრენდი „პოპორელი“, რომლის ქვეშაც 7 ახალი დასახელების სოუსი გამოვიდა.
„მათ შორის არის ტყემალი და საწებელი. ამის გარდა გვაქვს კივის, შინდის, წითელი და მწვანე წიწაკის და „წოწოლას საწებელი“, ტყემალი ჭარხლით, რომელიც ძველი ქართული, აჭარული რეცეპტით მომზადდა. ეთნოგრაფიული კვლევა ჩავატარეთ, ძველი რეცეპტები გავაცოცხლეთ და ასე შეიქმნა ბრენდი „პოპორელი“ რომელიც მომხმარებელს შევთავაზეთ“, – ამბობს გიორგი ახალაძე.
როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, წარმოებამ გაამართლა, თუმცა მწვავედ დგას გასაღების პრობლემა, რადგან ქსელური მარკეტები 2024 წელსაც „პოპორელისთვის“ მიუწვდომელია. მისი თქმით, ამ ეტაპზე პროდუქცია იყიდება ,,ევროპროდუქტში”, ,,ფრესკოსა” და ,,ვან პრაისში”, დანარჩენ სუპერმარკეტებში განთავსების საკითხი გაიყინა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ცდილობენ ბრენდი საუბნო მაღაზიებში შეიტანონ და სადისტრიბუციო კომპანიებთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები აქვთ. კეთილი და პატიოსანი“ ჯამში 15 დასახელების პროდუქციას აწარმოებს. აქედან 8 დასალევი ხილ-ბოსტნეულია, 7 – ,,პოპორელის“ სოუსები. ბრენდი ექსპორტზე გადის აშშ-სა და საფრანგეთში, ასევე რეგიონის ქვეყნებში, რასაც უახლოეს პერიოდში ჩინეთი დაემატება. „კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის” საწარმოში მზადდება. ამ ეტაპზე კომპანიაში 26 ადამიანია დასაქმებული.