ახალი ამბები

საქართველოში საარსებო შემწეობას 650 ათასამდე ადამიანი იღებს

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 3,4%-ით შემცირდა.

კერძოდ, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 647 535 ადამიანი იღებდა, აქედან 207 542 ის ადამიანია, რომელთაც საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის პაკეტი გარანტირებულად უნარჩუნდებათ – ამის შესახებ აღნიშნულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკაში.

რაც შეეხება 2022 წლის დეკემბერს, მაშინ საარსებო შემწეობას სულ 670 551 ადამიანი იღებდა, აქედან 135 208 ადამიანი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

რაც შეეხება საარსებო შემწობაზე გაცემულ თანხებს, სააგენტოს მონაცემებით, გასულ თვეს სოცდაუცველებზე სულ 68 095 031 ლარი გადაირიცხა. ყოველთვიურ სტატისტიკას თუ ვნახავთ, სოციალურად დაუცველებზე გასაცემი საარსებო შემწეობის ხარჯი საშუალოდ 60-70 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობს.