ახალი ამბები

Human Rights Watch – საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა მიეღო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, რომელიც შელახავდა გამოხატვის თავისუფლებას

საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა 2023 წელს არათანაბარი დარჩა. პოლიტიკურ მოვლენებში დომინირებდა დაძაბულობა ხელისუფლების მიერ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან კრიტერიუმებს, – ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
„ხელისუფლება ცდილობდა მიეღო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა, რომელიც შელახავდა გამოხატვის თავისუფლებას. კვლავ შენარჩუნებული იყო ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხებოდა შეკრების თავისუფლებას. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები მოიცავდა მედიის თავისუფლებაზე შეზღუდვებსა და თავდასხმებს, არასამართლიან შრომით პირობები. ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია არ მოიცავს ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების უფლებებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
Human Rights Watch -ი აცხადებს, რომ ნოემბერში ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე იმ პირობით, რომ ის განახორციელებს შემდგომ რეფორმებს.
ანგარიშში ყურადღება ეთმობა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, მაგრამ საზოგადოების მხრიდან პროტესტის შემდეგ უკან გაიწვიეს.
Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ მთავრობის მტრული რიტორიკა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა უფლებადამცველთა საკითხებში, ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, გამოთქვა შეშფოთება ადამიანის უფლებათა დამცველების უფლებების შელახვის სისტემატური ძალისხმევის შესახებ.