მოქალაქეებს მოსახლეობის აღწერაში მონაწილეობა ონლაინ შეეძლებათ – საქსტატი
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება.
მოსახლეობის აღწერა წელს 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. თოდრაძის განმარტებით, პირველი 10 დღის განმავლობაში მოქალაქეებს შეეძლებათ, საქსტატის ვებგვერდზე რეგისტრაცია გაიარონ და კითხვარი ონლაინ შეავსონ, ხოლო ვინც ამას არ გააკეთებს, მათ სტატისტიკოსების მიერ დასმულ კითხვებზე მოუწევთ პასუხების გაცემა.
„აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდება, თუმცა ვმსჯელობთ იმაზე, რომ ცუდი ამინდების გამო, მაღალმთიან რეგიონებში, წინა აღწერების მსგავსად, შეიძლება შედარებით ადრე მოგვიწიოს ჩატარება.
ვგეგმავთ, რომ აღწერა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩავატაროთ და უარი ვთქვათ ქაღალდის კითხვარის გამოყენებაზე.
პირველი 10 დღის განმავლობაში, თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით მოხდება მონაცემების შეგროვება, ანუ თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შევიდეს ჩვენს ვებგვერდზე და დაარეგისტრიროს კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია. ვინც ამას არ გააკეთებს, შემდეგ მათ სტატისტიკოსები მიაკითხავენ და პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით შეაგროვებენ მონაცემებს“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელთან შედარებით, წელს საქსტატის ბიუჯეტი 3 მლნ ლარითაა გაზრდილი და 24 მლნ ლარს შეადგენს. ჯამური ბიუჯეტიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერაზე 8 მლნ ლარი დაიხარჯება.
როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, დამატებით, აღწერისთვის გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენებისთვის, ასევე დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარება. შედეგად, დემოგრაფიულ-სოციალურ მონაცემებთან ერთად, ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებაც შეგროვდება.
შეგახსენებთ, საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერა 10 წლის წინ ჩატარდა. 2014 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა