,,ფესვები’’- ქიზიყური ორნამენტებით შექმნილი ხელნაკეთი ნივთები დედოფლისწყაროდან
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სახელოსნო ,,ფესვებში” ქიზიყური ორნამენტებით ფარდაგებს, ჩანთებს, საფულეებს და სხვა ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ.
სახელოსნოს დამფუძნებელი, ნინო ბახუტაშვილი აცხადებს, რომ მან საქმიანობა 2016 წელს დაიწყო, თუმცა მსგავსი მიმართულებით გაცილებით ადრე გაუჩნდა ინტერესი.
,,პროფესიით მხატვარ-არქიტექტორი ვარ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ამ პროფესიის გარდა სხვა რაიმე მიმართულებას ავირჩევდი. დედოფლისწყაროში გათხოვების შემდეგ ჩემი არქიტექტურა არავის დასჭირდა. შვიდი წელი შვილებს ვზრდიდი და ამ პერიოდში სულ ვფიქრობდი, რა უნდა ყოფილიყო ის სასარგებლო საქმიანობა რაც მეც მომცემდა შთაგონებასა და სხვასაც გააბედნიერებდა. ვის არ გვყვარებია ბავშვობაში ძველი ნივთების თვალიერება.
ყველაფერი მიმზვიდელად გვჩვენებია. ბევრ ჩვენთაგანს ლამაზ მოგონებად გამოგვყვა ბებოს კარადა თუ ტახტი, კომოდი თუ სოფლის ბუხარიან ოთახში მდგარი ძველთაძველი სკივრი. სწორედ ასეთ სკივრში აღმოვაჩინე ის არაჩვეულებრივი სამყარო რასაც ქიზიყური ორნამენტი ჰქვია. დროსა და ჩრჩილს გაეცრიცა ფარდაგები, ხურჯინები, ნაქსოვი წინდები, რომელთაც მაინც შერჩენოდათ საუცხოოო მორთულობა და ფერთა შეხამება.
ამან მიბიძგა ერთ დროს ჰობის დონეზე ნასწავლი გობელენის ქსოვის ხელოვნება მიმემართა სრულიად დავიწყებული ამ უნკალური ტრადიციული ხელსაქმის აღდგენა- განვითარებისთვის. 2006 წელს დავაარსე სახელოსნო დედოფლისწყაროში. „ფესვები“ არის ქართული ტრადიციული ფარდაგისა და ამავე ტექნოლოგიით შესრულებული თანამედროვე აქსესუარების ბრენდი, რომელიც ერთადერთი სახელოსნოა საქართველოში. ჩვენი ყველა პროდუქტი ხელნაკეთია, რაც მის ავთენტურობასა და უნიკალურობას ხაზს უსვამს ’’,- განაცხადა ნინო ბახუტაშვილმა.
ნინო განმარტავს, რომ სახელოსნოს 15 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს და მისი მუშაობის მთავარი მიზანი ტრადიციული ქიზიყური ხელსაქმის აღდგენაა.
,,სახელოსნოს აქვს 15 წლიანი გამოცდილება ტრადიციული ქართული ფარდაგის აღდგენა-განვითარებაში. აქ შექმნილი პროდუქტი ქსოვის სიმჭიდროვით, ფერადოვანი გამით, ორნამენტების კომპოზიციის მაღალ მხატვრულ დონეზე შესრულებით გამოირჩევა. სახელოსნო „ფესვები“ ერთადერთია საქართველოში, რომელსაც ამხელა გამოცდილება აქვს ბუნებრივი საღებავებით ღებვის მიმართულებით. ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით ვატარებთ ექსპერიმენტებს ისეთი საღებავების გამოყენებაზე, რომლებიც აღარ გამოიყენება. ამ სფეროში წარმატება მნიშვნელოვანია, რადგანაც ტრადიციული ფერადოვანი გამა მნიშვნელოვნად განაპირობებს ნამუშევრების მაღალ ხარისხს. საუკეთესო ხალხური რეწვის პროდუქტის დამზადებისთვის გვაქვს მიღებული სერთიფიკატიც’’,– განუცხადა knews.ge-ს ნინო ბახუტაშვილმა.
ნინო ბახუტაშვილი ასევე განმარტავს, რომ ისინი მუშაობისას იღებენ ძველი ქართული რეწვის ტრადიციებს და მცირე ექსპერიმენტების ჩატარების შედეგად კი პროდუქტს საინტერესო, სრულიად ახლებურ ელფერს აძლევენ.
„ფესვები“ კულტურული მემკვიდრეობის გადამრჩენელი და შემანარჩუნებელი ბრენდია, რომელიც ამავდროულად არ უშინდება სიახლეებსა და ექსპერიმენტებს. გვსურს, რომ ძველი, ტრადიციული ვიზუალი შეერწყას ახალ სტილსა და ყოველდღიურ ჩაცმულობას. ჩვენი პროდუქცია მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოფითად გამოიყენონ უნიკალური ქართული პროდუქცია და ამით გამოხატონ საკუთარი ინდივიდუალიზმი და განსაკუთრებული სტილი. დაარსებიდან დღემდე ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ასე საერთაშორისო ბაზარზე. მას მრავალ გამოფენასა თუ კონკურსში აქვს მიღებული მონაწილეობა. სახელოსნოში დასაქმებულია 5 მქსოველი, 1 დიზაინერი, 1 სამხატვრო ხელმძღვანელი, 1 ბუნებრივი საღებავების მომპოვებელი და მღებავი’’- აღნიშნავს ნინო ბახუტაშვილი.
სახელოსნოში აცხადებენ, რომ მუშაობის დროს იყენებენ ადგილობრივ მატყლს და ბუნებრივ საღებავებს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს დანამატებს.
,,ვიყენებთ ადგილობრივ მატყლს, რომლის გადამუშავებაც აღარ ხდება და იყრება ბუნებაში, რაც დიდ ზიანს აყენებს გარემოს და მცირედ, მაგრამ მაინც შეგვაქვს წვლილი გარემოზე ზეწოლის შემცირებაში. ამ მეთოდმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოში ტრადიციული რეწვის როლი ბუნების კონსერვაციაში მართლაც, რომ ფასდაუდებელია. პროდუქტის ერთეულის (ფარდაგი, ხურჯინი, მაფრაშა, ჩანთები და სხვა) შექმნას 2 კვირიდან 5 თვემდე დრო ესაჭიროება. აგრეთვე ხანგრძლივი პროცესია ბუნებრივი საღებავების პიგმენტების მოძიება/მოგროვება და მათი გამოყენებით ძაფების უძველესი მეთოდებით ღებვა.
თითოეული ნაწარმი მაღალი მხატვრული ღირებულებისაა, იქმნება ინდივიდუალური ესკიზით და იქსოვება ხელით – ნატურალური ძაფის გამოყენებით.
ჩვენი შემოქმედების მიმართ ყოველთვის ინტერესი დიდი იყო და ეხლაც ძალიან ბევრი ადამიანი გვეხმიანება. გვაქვს ახალი იდეები და ვმუშაობთ ახალ დიზაინზე, რომელსაც წლის ბოლომდე იხილავს ჩვენი მომხმარებელი.’’