ახალი ამბები

სოფელ შალაურში ახლადგახსნილი სასტუმრო „სეროდანი“ საქმიანობის გაფართოვებას გეგმავს

თელავთან ახლოს, სოფელ შალაურში ახლადგახსნილი სასტუმრო „სეროდანი“ მიმდინარე წელს კოტეჯების დამატებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.

როგორც სასტუმროს დამფუძნებელი, ზურაბ მოდებაძე BM.GE-სთან აცხადებს, სასტუმრო 2023 წლის ბოლოს გაიხსნა და ის ხის კოტეჯებთან ერთად, სარესტორნო სივრცესა და ღია ტიპის ორ აუზს როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის აერთიანებს. მისი თქმით, სასტუმროს სრულად მოწყობაში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„სეროდანი“ დამსვენებელს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მშვიდ და კომფორტულ დასვენებას სთავაზობს და საუკეთესო ადგილია ქალაქის ხმაურისგან თავის დასაღწევად. სასტუმროს ტერიტორიიდან იშლება ალაზნის ველისა და კავკასიონის ულამაზესი ხედები“,- განაცხადა ზურაბ მოდებაძემ.

მისივე თქმით, სასტუმროში ნომრები 2 და 4-ადგილიანი კოტეჯების სახითაა წარმოდგენილი და ჯამში 30 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ზურაბ მოდებაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს, სასტუმროს ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე კოტეჯის დამატება და ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება:

“მათ შორის, სასტუმროს ტერიტორიაზე სათავგადასავლო მარშრუტების მოწყობა, საბავშვო სივრცეების დამატება და სხვა”- აცხადებს ზურაბ მოდებაძე. რაც შეეხება დასაქმებულებს, მისი თქმით, სასტუმროში ამ ეტაპზე 20 ადამიანი მუშაობს.