ომბუდსმენი-სესხების რესტრუქტურიზაციისას “ლიბერთიმ” პენსიონერთა უფლებები დაარღვია
საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობისას სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ, მთავრობის რეკომენდაციით, სესხების რამდენიმე თვით გადავადების შედეგად ხანდაზმულ პენსიონერთა უფლებების დარღვევის თაობაზე.
ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. კერძოდ, ხანდაზმულ პირებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო სესხის ვადა გაუხანგრძლივდა, რამაც დარიცხული პროცენტის ზრდა გამოიწვია. საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ბანკის მიერ შედგენილი ახალი გრაფიკით გათვალისწინებული თანხა იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი, ვიდრე საშეღავათო პერიოდის თანხა იყო, შესაბამისად ხანდაზმულებს სესხი გაუძვირდათ და გაეზარდათ სესხის ხელშეკრულების ხანგრძლივობა.
საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით , კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ გააქტიურებით მოსარგებლე მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს გადავადებამდე არსებულ პირობებზე, მათ შორის, გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება, რისთვისაც უნდა დაფაროს გადავადებული თვეების შესაბამისი შენატანები. აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის, მომსახურე კომერციულ ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტს. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულთა ნაწილს შესაძლოა არ მიუწვდებოდეთ ხელი ინფორმაციაზე, რის გამოც ვერ ახერხებენ „ლიბერთი ბანკისადმი“ მიმართვას. ძველ გრაფიკზე დაბრუნების და ვალდებულებების რეფინანსირების მოთხოვნა, საჭიროებს შესაბამის ცოდნას და ხშირად, პენსიონერები ამ საკითხებში გარკვეულნი არ არიან. იმ პენსიონერებს, რომლებმაც შესაბამისი პირის/ორგანიზაციის დახმარებით, ინდივიდუალურად მიმართეს ბანკს და მოითხოვეს სესხის გადახდის ახალი გრაფიკის შედგენა, მნიშვნელოვნად შეუმცირდათ სესხის ვადა და თანხა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სს „ლიბერთი ბანკის მიერ“ პენსიონერებისათვის შეთავაზებული ოვერდრაფტის სესხები. 2023 წლიდან სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი განისაზღვრა, თუმცა, 2023 წლამდე აღნიშნული პროცენტი პენსიონერებისათვის შეუსაბამოდ მაღალი იყო. შესაბამისად, ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე აღებული სესხები გადაანგარიშებდება ახალი პირობებით და ახალი დაბალი პროცენტით, მხოლოდ პენსიონერების მიმართვის საფუძველზე და ამ შემთხვევაშიც დგას არათანაბარი ინფორმირების პრობლემა.
საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა და პენსიონერთა ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის მიზნით, საშეღავათო პერიოდით მოსარგებლე დაზარალებულ მომხმარებელთა დაცვის მიზნით შესაბამისი დადგენილების/მითითების შემუშავება მოითხოვა, რომლითაც სს „ლიბერთი ბანკი“ მოახდენს ბენეფიციარ პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციას და შესაძლებელი იქნება პენსიონერების მიერ გადავადებამდე არსებულ პირობებზე და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება. ასევე, სახალხო დამცველმა მოითხოვა – პენსიონერთა მიერ ოვერდრაფტის ხელშეკრულებების 2023 წლიდან მოქმედი ახალი დაბალი პროცენტით ავტომატურად გადაანგარიშების მიზნით, მიიღონ ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული ხანდაზმულთა საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტები.