ახალი ამბები

ძლიერი ქარი კახეთში -წაქცეულია ხეები და გზებზე მოძრაობა შეფერხებულია

ძლიერმა ქარმა კახეთის მუნიციპალიტეტები დააზარალა. წაქცეულია ხეები და გზებზე მოძრაობა შეფერხებულია.

ამ წუთებში ლაგოდეხთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია. ამის მიზეზი ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხეები გახდა, რამაც ლაგოდეხისკენ მიმავალი უღელტეხილის ჩახერგვა გამოიწვია.

ხეების წაქცევის გამო, მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-ყვარელისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებითაც. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და შეზღუდულია მოძრაობა.

ძლიერმა ქარმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, კულტურის სახლს, სადაც საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სახურავის ნაწილი გადახადა. სოფელ წინანდალდი ქარმა წააქცია საახალწლო ნაძვის ხე. გურჯაანის ცენტრში კი დააზიანა საახალწლო დეკორაციები.

უამინდობის შედეგად რეგიონში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.