თევზჭერისთვის განკუთვნილი უკანონო იარაღის შეძენა-შენახვა-გადატანა დასჯადი ხდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას ინფორმაციით, თავდაპირველად ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი იქნება, განმეორებით შემთხვევაზე კი 6000 ლარი.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თევზჭერის უკანონო იარაღზე, რომლის გამოყენებაც ხდება ბრაკონიერების მიერ, ამ იარაღის შეძენა-შენახვა-გადატანა იყოს დასჯადი. ამ მიმართულებით 3000-ლარიანი ჯარიმა შემოდის. რა თქმა უნდა, ასეთი ელექტროშოკური აპარატის კონფისკაციით და განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება 6000 ლარი იქნება, ასევე კონფისკაციით“,- აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, მთავრობის სხდომის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბრაკონიერობასთან ბრძოლა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობის სისტემის შემუშავება ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.
„დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა პროექტებს, რომელთა მიზანი ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდაა.
აღნიშნული პროექტები თევზჭერის იარაღების რეგულირებას და დადგენილი წესების დარღვევისთვის შესაბამის პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს“,– აღნიშნულია ინფორმაციაში.