ახალი ამბები

5 წელიწადში, საქართველოში, საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვანების რიცხვი 75%-ით გაიზარდა

საქართველოში 2018-2022 წლებში საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვანების რაოდენობა 75%-ით გაიზარდა. საქსტატის ბავშვებისა და მოზარდების შესახებ ახალი პუბლიკაციის თანახმად, ეს რიცხვი 107 529 ადამიანით, 251 430-მდე არის გაზრდილი.

აქედან, სოციალური შემწეობის მიმღები ბიჭების რაოდენობა 129 059-ია, გოგონების კი 122 371. რეგიონული გადანაწილების მიხედვით კი, პირველ ადგილს თბილისი (53 906) იკავებს, მას მოსდევს ქვემო ქართლი (35 537) და იმერეთი (31 912).

5-წლიან ჭრილში გაზრდილია შემწეობის მიმღები მოზარდების რაოდენობაც. უფრო ზუსტად, 2022 წლის მონაცემები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ასე ნაწილდება:

15-24 – 79 987 ადამიანი (ზრდა 56%);
15-29 – 109 669 ადამიანი (ზრდა 47%).
აღსანიშნავია, რომ PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის თანახმად, 2018-2022 წლებში შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა ჯამში 439 ათასიდან 648 ათასამდე გაიზარდა (48%-ით), ხოლო გაანალიზებულ პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილმა 12%-დან 18%-მდე მოიმატა.

გარდა ამისა, 2022 წლის მონაცემებით, საარსებო შემწეობის პროგრამის ბიუჯეტი 358 მილიონი ლარით არის გაზრდილი. 2018 წელს შემწეობის ხარჯები 251 მლნ ლარს შეადგენდა, 2022 წელს კი 609 მლნ ლარი იყო.