ახალი ამბები

ახმეტის სამედიცინო ჰოსპიტალში მშობიარე გარდაიცვალა

ახმეტის სამედიცინო ჰოსპიტალში 38 წლამდე მშობიარე გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა, მეორე დილით ის მოულოდნელად დაიღუპა. ქალის გარდაცვალების ფაქტს, ახმეტის ჰოსპიტალში ადასტურებენ.

საავადმყოფოს ხელმძღვანელი, გიორგი უძილაური განმარტავს, რომ გარდაცვალების მიზეზი, მშობიარობიდან რამდენიმე საათში განვითარებული თრომბოემბოლია გახდა.

“საკეისრო კვეთის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა, პაციენტი იყო კონტაქტური, აქტიური. მეორე დღეს, ერთ- ერთი წამოდგომის დროს განივითარდა თრომბოემბოლია. უსწრაფესად დავიწყეთ რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს ისეთი გართულებაა, მისი პროგნოზირება შეუძლებელია. ბავშვი კარგად არის, გავწერეთ დღეს და ყველა საქმის კურსშია, უბნის პედიატრიც და სოციალური სამსახურიც. შეტყობინება მშობიარეს გარდაცვალების შესახებ, უკვე გადავაგზავნეთ და საკითხს შეისწავლიან”
– განაცხადა უძილაურმა.

გარდაცვლილ ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

კანონის თანახმად, სამედიცინო დაწესებულება, სადაც ეს მშობიარეს გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდება, ვალდებულია 24 საათის განმავლობაში აცნობოს ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მომხდარის მიზეზებს რეგულირების სააგენტო სწავლობს.