თელავის დაურეგულირებელი მშენებლობები და თაროზე შემოდებული განაშენიანების რეგულირების გეგმა
ბოლო წლებში ქალაქ თელავის ტერიტორიაზე მშენებლობების რაოდენობა გაიზარდა. რამდენიმე წლის წინ, ქალაქის მიწათსარგებლობის და განაშენიანების რეგულირების გეგმა კი რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ჩართულობით დამუშავდა, თვითმმართველობას ჯერ არ დაუმტკიცებია.
მაგალითად, ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათეული წლის წინ შეხვდებოდით ისტორიულ შენობებს, რომელიც დღეს აღარ არის შემორჩენილი და მის ადგილას, სხვადასხვა დაწესებულებების თანამედროვე შენობებია აშენებული.
სწორედ ათეული წლებია ტურისტული აქტივობიდან გამომდინარე, ქალაქ თელავში მშენებლობების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რომელიც როგორც ექსპერტები აცხადებენ, დაურეგულირებელია. მათი თქმით, აუცილებელია მშენებლობების ერთი რეგულაციის ქვეშ მოქცევა იმისთვის, რომ არ მოხდეს ძველი ისტორიული შენობების დანგრევა/დაზიანება ან ისეთი შენობების აშენება, რომელიც დაამახინჯებს ქალაქის ისტორიულ იესახეს.
სწორედ ამ საკითხის დასარეგულირებლად დაიწყო თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2018 წლიდან. 2019 წელს კი გაიმართა საჯარო განხილვა, რომელსაც როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივები ესწრებოდნენ. მაშინ თელაველები აცხადებდნენ, რომ მშენებლობების რეგულაციების ქვეშ მოქცევა მნიშვნელოვანია, რომ დაცული ყოფილიყო ქალაქი უკანონო და თვითნებური მშენებლობებისგან.
გეგმა რომელიც რამდენიმე წლის წინ შპს „ატელიე არქტიქტს“ -ის ჯგუფმა დაამუშავა, მოიცავს ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კულტურული, გასართობი, შემეცნებითი სივრცეების მოწყობას, საცხოვრებელი უბნების და ქუჩების რეაბილიტაციას, დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნას, მრავალბინიანი სახლების ეზოების რეაბილიტაციას, ახალი ტურისტული ადგილების შექმნას, ავტოსადგომების მოწყობას, ქალაქის ცენტრის განვითარებას და სხვა. განაშენიანების გეგმაში ასევე აღნიშნულია, რომ:
,,ქალაქი თელავი იმ ისტორიული ქალაქების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც თავისი ბუნებრივი ლანდშაფტით, მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით, თვითმყოფადი არქიტექტურითა და შუა საუკუნეების ურბანული სტრუქტურით, გამორჩეულ, ძალზედ მრავალფეროვან, სახასიათო, კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს“.
როგორც 2021 წელს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილებაში აცხადებდნენ, დამუშავებული გენერალური გეგმის მიღება შეაფერხა თელავის ცენტრალური ნაწილის განვითარების და ,,ქალაქი 7 ბორცვზე” ხედვის შემუშავებამ, რადგან აღნიშნულმა გეგმებმა ერთმანეთი გადაკვეთა. უწყებაში მაშინ განმარტავდნენ, რომ სამივე გეგმა თანხვედრაში უნდა იყოს ერთმანეთთან და სწორედ ამის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა.
გასულ წლებში თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ასევე საუბრობდნენ, რომ გეგმაში იყო 11-მდე სხვადასხვა საკითხის დაზუსტება აუცილებელი და თითოეულის ახლიდან დამუშავება უნდა მომხდარიყო, სწორედ ამან გამოიწვია 2021 წელს გეგმის დახარვეზება. მიუხედავად იმისა, რომ დახარვეზებიდან 3 წელი გავიდა, ხარვეზების გამოსწორება და მისი დამტკიცება არ მომხდარა.
თელავში მცხოვრებლების თქმით, მსგავსი გეგმის შემუშავება, მშენებლობების რეგულირება, საჭიროებების განსაზღვრა და ამ პროცესში ქალაქის ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რომ თელავი, თბილისის და ბათუმის მსგავსად ,,ბეტონის ქალაქად“ არ იქცეს.
,, გენერალური გეგმის გარეშე შეიძლება ისევე დაიღუპოს ქალაქი, როგორც ბათუმი და თბილისი. თელავი, ისეთი როგორიც არის, მისი ისტორიული ნაწილი, ხედი, სივრცე არის დასაცავი და გადასარჩენი. ყველას უყვარს თელავი იმიტომ, რომ ის ჯერ არ ქცეულა ,,ბეტონის ქალაქად“, თუ ისეთივე გახდება როგორიც თბილისია, აქეთ წამოსვლა არავის მოუნდება. ჩემთვის მართლა გაუგებარია, ამდენი ხანი, ამდენი წლები რატომ სჭირდება გეგმის დამტკიცებას’’,- ამბობს თელავში მცხოვრები ანა მარგველაშვილი.
განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების აუცილებლობაზე საუბრობს თელავში მცხოვრები სოსო მიქელაძე. მისი თქმით, თელავში დაწყებულია მრავალსართულიანი ბინების აქტიური სამშენებლო პროცესი და სამშენებლო ნებართვები და მსხვილი პროექტები პრაქტიკულად ჩუმად, უკითხავად მიიღება.
,,რა თქმა უნდა, სადღაც ქაღალდებზე და ფაილებში იარსებებს ქალაქის გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა და სხვადასხვა დოკუმენტი, რომელიც მოსახლეობის 99 %-მა არსობრივად არ იცის. სამწუხაროდ, უამრავი მსხვილი პროექტი ჩვენთან პრაქტიკულად ჩუმად, უკითხავად, „ექსპერტულ“ დონეზე მიიღება. გამოდის, რომ ფუნდამენტური პრობლემა ჩვენი ქალაქის განვითარების არის ისევ ქვეყნის მმართველობის საფუძველში – საქართველო იმართება მოსახლეობის ინტერესების გაუთვალისწინებლად, მისი ნების უკითხავად, და შემდგომში, ავად თუ კარგად, ეს მოსახლეობა იძულებულია შეეგუოს თვითნებურ გადაწყვეტილებებს. ჩვენ კარგად ვხედავთ რა მოუვიდა თბილისს, რა მოუვიდა ბათუმს – ამ ქალაქებში წარმოებული მშენებლობების შედეგად. ხომ გსმენიათ მოარული ფრაზა „ეს (ის) თბილისი აღარ არის!“. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქმა, გარდა საკუთარი სახელწოდებისა, პრაქტიკულად დაკარგა ყველაფერი ფასეული, რაც გააჩნდა. დაუსრულებელი და ქრონიკულად მოუგვარებელი სატრანსპორტო კოლაფსი, მოსახლეობის რიცხვის დრამატული ზრდა, გზების გამტარუნარიანობის ზღვრის გადაცილება და პერმანენტული საცობები, მეტროპილიტენის გადატვირთვა, ქალაქის დემოგრაფიული, კულტურული ბალანსის აღრევა, კრიმინალის ზრდა, რესურსების ზე-კონცენტრაცია საქართველოს პერიფერიის წინსვლის ხარჯზე. და ეს იმ პირობებში, სადაც საუბარია თბილისსა, ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრებზე, ქალაქებზე, რომლებიც ასე თუ ისე, მაინც ქალაქებად იყო დაგეგმილი ინდუსტრიული ეპოქის ფართომასშტაბიანი განახლების პერიოდიდან’’,- ამბობს სოსო მიქელაძე.
ის ასევე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს თელავში მიმდინარე მშენებლობებზე, არსებულ სიტუაციასა და სამომავლოდ აუცილებლად განსახორციელებელ რეგულაციებზე.
,, თელავი, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული ქალაქი იყო საქართველოს სინამდვილეში, დღეს მას სულ რამდენიმე ქუჩა და მოედანი აქვს შემონარჩუნებული: კოლორიტული, ისტორიული და გამორჩეული. სატრანსპორტო წარღვნის გამო აქ უკვე ვეღარ ვხედავთ პატარა მშვენიერ ქართულ ქალაქს. ჯერ ხომ თელავის ეს მყუდრო ისტორიული რარიტებია სადღაც მიჩქმალული, მოუვლელი და გადაკარგული – ქუჩების საშინელი სატრანსპორტო გადატვირთვის, მოუწესრიგებლობის, დანაგვიანების, საგზაო მოძრაობის ქაოტურობის და სხვა მიზეზების გამო. ამ დროს წარმოიდგინეთ, რა იქნება თუ ქალაქში სოკოებივით წამოიზრდება 9-12-16 სართულიანი სახლები. ჩვეულებრივი, თბილისში აპრობირებული სქემით: გამოჩნდა თავისუფალი მიწა, იყიდა კომპანიამ და ესევე დაიწყო მშენებლობა, იყიდა-ააშენა. თბილისის რა მოგახსენოთ, აი თელავი კი მართლა თელავი აღარ იქნება. ამასთანავე, თავიდანვე უნდა დაისვას კითხვა. ვისთვის ვაშენებთ ამდენ სახლს? ქართველებისათვის? უცხოელებისათვის? თელავში ჩამოსახლების ამდენი მსურველი ქართველი მოქალაქე რეალურად არ არის. თუნდაც იყოს, გამოდის რომ კახეთის მეზობელი სოფლებიდან უნდა გადმოასახლო მოქალაქეები და პრაქტიკულად მოაკლო ეს ადამიანები მკვიდრობის ადგილებს, კიდევ უფრო შეამცირო ადგილობრივი მოსახლეობა. ერთის მხრივ ეს კიდევ უფრო დაარღვევს სოფლების მიკრო-კულტურას და მეორეს მხრივ, თელავში არსებული ისტორიული ქალაქური სუბ-კულტურა, რომელიც საკითხავია საერთოდ თუ კიდევ არსებობს – მთლიანად გაქრება. ანუ, ასე თუ ისე, მივალთ იქამდე, რომ თელავი იქნება ერთი ჩვეულებრივი მრავალსართულიანი კორპუსებით გაჯერებული უსახური ქალაქი, რომელმაც დაკარგა მემკვიდრეობით მიღებული ისტორიული ღირებულება’’,- განუცხადა Knews.ge-ს სოსო მიქელაძემ.
სოსო მიქელაძე ასევე საუბრისას აცხადებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად და იმისთვის, რომ საკითხი უფრო არ გამწვავდეს, აუცილებელია სხვადასხვა მიმართულებით პროფესიონალების, უწყებების, მოქალაქეების აქტიური მუშაობა და ჩართულობა.
,,ეს საკითხები საჭიროებს დეტალურ ფართე, საჯარო და პროფესიონალურ ანალიზს, მრგვალ მაგიდებს საზოგადოებრიობასთან, დისკუსიებს და მსჯელობას, დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვით. ბევრი რამ, ბუნებრივია, გარდაუვალია, ბევრი რამ წარმოადგენს ურბანისტული პროცესის ორგანულ ნაწილს. თუმცა არ შეიძლება ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების კულუარულად მიღება და ისე, რომ 10 წლის შემდეგ ამ ქალაქში რეალურად არ/აღარ იცხოვრებოდეს: იყოს საშინლად დაბინძურებული ჰაერი, გაუვალი საცობები, უკონტროლო კრიმინალი, დაავადებები, დანაგვიანება, მოშლილი კულტურული ცხოვრება, უკურნებელი ქაოსი და სხვა.’’
როგორ ხდება მშენებლობების დაგეგმვა, ნებართვების გაცემა და რითი ხელმძღვანელობს თელავის მუნიციპალიტეტის მერია, Knews.ge-მ უწყებას კითხვით მიმართა. მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გენერალური გეგმა კვლავ მიღებული არ არის, თუმცა მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
,,გენერალური განაშენიანების გეგმა ჯერ არ არის მიღებული მაგრამ არსებობს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი და ასევე ამ საკითხს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა. სწორედ ამის მიხედვით მიმდინარეობს მშენებლობის ნებართვების გაცემა და დარეგულირება ამ საკითხის’’,- აცხადებენ უწყებაში.

