ახალი ამბები

გაიცანით სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის მაგისტრანტი თელავიდან

23 წლის თელაველი ნინო გომურაშვილი, სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის მაგისტრანტია. ახალგაზრდა გაცვლით პროგრამებში იღებდა მონაწილეობას და ამბობს, რომ ეს მისთვის დიდი გამოცდილება იყო.

ახალგაზრდა ამბობს, რომ სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთში, რუმინეთში, მიიღო მონაწილეობა მოკლევადიან ტრენინგ კურსებსა და კონფერენციებში ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა, ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი და სხვა.

„გაცვლით პროგრამებში მონაწილეობამ მასწავლა საკუთარი თავის რწმენა, დამოუკიდებლობა, სხვადასხვა აკადემიური პერსპექტივების გაცნობა და საერთაშორისო კავშირების გაძლიერება. ამ გამოცდილებამ ხელი შეუწყო ჩემს პიროვნულ ზრდას და გლობალური საკითხების უფრო ფართოდ გააზრებას.

ვიგრძენი, რომ მსოფლიო მოქალაქე ვარ უსაზღვრო შესაძლებლობებით, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ ევროპული თვითშეგნების ერი, რომელიც აუცილებლად მიაღწევს ამ მიზანს, ვცდილობ მიღებული ცოდნის გაზიარებას ჩემზე უმცროსი თაობისათვის.

ერასმუსის გაცვლითი პროგრამებით დიდი გამოცდილება მივიღე, ვსწავლობდი თურქეთსა და რუმინეთში, ასევე მოკლევადიან ტრენინგ კურსებსა და კონფერენციებში ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა, ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი და ა.შ.

პირველ რიგში, ვთვლი, რომ ჩემი ქვეყნის განვითარებისათვის საჭიროა საჯარო უწყებებში რეფორმებისა და ცვლილებების გატარება და ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნათა შემცირება. მსურს ჩემი წვლილი შევიტანო ამ პროცესში და ევროინტეგრაციის პროცესის მონაწილე ვიყო,”- განაცხადა ნინო გომურაშვილმა.

ნინო გომურაშვილი ყველა სტუდენტს ურჩევს, რომ გაცვლით პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა, რადგან ეს არის შესაძლებლობა და გამოცდილება, ცხოვრების ახალ ასპარეზზე გასასვლელად.

იგი საუბრისას სამომავლო გეგმებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დაგეგმილი აქვს უცხოეთში სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლა.

„ჩემი სამომავლო გეგმა პირველ რიგში სადოქტორო პროგრამაზე უცხოეთში სრული დაფინანსებით წასვლაა. შემდეგ საქართველოში, აკადემიურ სფეროში დასაქმება და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში მონაწილეობა. რაც შეეხება რეგიონს, რა თქმა უნდა, ჩემი ყველა მიზანი რეგიონის განვითარებას უკავშირდება. მინდა ძლიერი, განვითარებაზე ორიენტირებული და ეკონომიკურად ძლიერი რეგიონი იყოს კახეთი, რაშიც ჩემი წვლილი მინდა შევიტანო.
რაც შეეხება მოტივაციას, ჩემი მოტივაცია ჩემი მშობლები არიან, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩემს განვითარებაში. გარდა ამისა, ჩემს მიერ შესრულებული პატარ-პატარა მიზნები მაძლევს მოტივაციას რომ წინ ვიარო და არ გავჩერდე,“
– განაცხადა ნინო გომურაშვილმა.