თელავში “60+ ბებია-პაპების კლუბის” პრეზენტაცია გაიმართა
თელავში “60+ ბებია-პაპების კლუბი” შეიქმნა. ინიციატორებმა კლუბი ოფიციალურად დაარეგისტრირეს, სამომავლო აქტივობები განსაზღვრეს და საზოგადოებას სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. კლუბი იქნება იმ ადამიანების თავშეყრის ადგილი, რომლებიც სახლში არიან, ვერსად გადიან და საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახერხებენ.
კლუბის ხელმძღვანელი, გვანცა ქეშიკაშვილი აცხადებს,რომ მისმა იდეამ ,,60+ ბებია-პაპების კლუბის” შექმნასთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. გვანცა ასევე განმარტავს, რომ 60+ ასაკის მოქალაქეებს ბევრ აქტივობებს შესთავაზებენ, რომლის მეშვეობითაც ისინი საკუთარი უნარების და თავის რეალიზებას შეძლებენ და დროს ნაყოფიერად გაატარებენ.
,,მსგავსი კლუბის შექმნის იდეა დიდი ხანია მქონდა. თელავის მერიის მიერ წელს გამოცხადდა კონკურსი ინიციატივების დაფინანსებაზე და სწორედ ამ საკითხზე დავწერეთ პროექტი. კონკურსში 10-დან დაფინანსდა 3 პროექტი და აქედან ერთ-ერთი ჩემი იყო. მუნიციპალიტეტის მერს ეს იდეა ძალიან მოეწონა და მხარდაჭერას დაგვპირდა. მერიამ ასევე მოგვიძია და დაგვითმო ოთახი ოფისისთვის. მე შევკარი გუნდი, რომლის წევრებიც ჩემი მეგობრები და ახლობლები არიან. ჩამოწერილი გვაქვს სამომავლო გეგმები და აქტივობები. ეს კლუბი ისეთი ასაკის ხალხისთვის იქნება, ვინც სახლშია და თავისი თავის რეალიზებას ვერ ახერხებს. ჩვენი დახმარებით ისინი გააქტიურდებიან და გახალისდებიან. ამ ეტაპზე გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები, რომ კლუბმა აქტიურად დაიწყოს ფუნქციონირება. ამ დროისთვის, კლუბში ვართ 5 წევრი და როცა გვექნება ლოგო და მოწყობილი ოფისი, აქტიურად დავიწყებთ მუშაობას. იმედი გვაქვს, რომ ბევრი წევრი გვეყოლება და ჩვენს ყველა იდეას სისრულეში მოვიყვანთ. უახლოეს პერიოდში გვექნება კლუბის პრეზენტაცია, რომ ხალხს გავაცნოთ რას ვგეგმავთ და რას გავაკეთებთ. ასევე დაგეგმილი გვაქვს საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებაც, რომ შევძლოთ სხვადასხვა სამუშაოებისთვის თანხების მობილიზება. ძირითადად მოხალისეობრივად ვმუშაობთ”,– განუცხადა knews.ge-ს კლუბის ხელმძღვანელმა გვანცა ქეშიკაშვილმა.
გვანცას თქმით, გარდა იმისა, რომ კლუბი ბებიებისა და პაპებისთვის თავშეყრის ადგილი იქნება, ასევე მათ დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა სახის წრეების გახსნა, სადაც მსურველებს სიარული, ცეკვის, სიმღერის და სხვადასხვა პროფესიების თუ საქმის სწავლის შანსი ექნებათ.
,,ეს სივრცე ღია იქნება ყველასთვის, მოვლენ, ერთმანეთს აზრებს გაუზიარებენ, ითამაშებენ ნარდს, დომინოს. გარდა ამისა, იქნება სიმღერის და ცეკვის კლუბიც, გვექნება პოეზიის და შემოქმედებითი საღამოები და სხვა. იმედი გვაქვს ჩვენს გეგმებს განვახორციელებთ”,- აცხადებს გვანცა ქეშიკაშვილი.
კლუბს ამ დროისთვის 5 წევრი ყავს. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, კლუბში მიიღებენ ყველას, ვისაც აქტიურობის სურვილი ექნება. კლუბის ერთ-ერთი წევრი, მანანა ავალიშვილი აცხადებს, რომ “60+ ბებია-პაპების კლუბის” შექმნა ხელს შეუწყობს ხანდაზმული მოქალაქეების გააქტიურებას.
,,ჩვენი მიზანია 60+ ბებია-პაპებს გავუხალისოთ ცხოვრება. მათ შეუძლიათ გამოვიდნენ სახლიდან და გაერთონ, დრო ნაყოფიერად გაატარონ. ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის.”
მანამ სანამ კლუბი ოფიციალურად დარეგისტრირდებოდა, კლუბის წევრები, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის თელავის ოფისის მხარდაჭერით გაეცნენ წნორის ,,ცოდნის კაფეს” მუშაობას და გამოცდილებას, სადაც მსგავსი კლუბია გახსნილი.
,,თელავში კლუბის შექმნის მსურველები გაეცნენ წნორში მოქმედი კლუბის მუშაობას, შემდეგ შეხვდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს წესდების შემუშავებასთან დაკავშირებით. როგორც სამუშაო სივრცე, ჩვენი ოფისი ღიაა ამ ადამიანებისთვის და მათ ყოველთვის ხელს შევუწყობთ. ჩვენ მუდმივად ვუსმენთ ადამიანებს განურჩელად ასაკისა და მხარს ვუჭერთ მათ ინციატივებს. ეს შემთხვევაც ასეთი იყო, როცა გავიცანით ადამიანები, რომლებსაც მსგავსი კლუბი შექმნა უნდოდათ. გვიხარია, რომ ამაში ჩვენი მცირედი წვლილიც არის და მათ წარმატებას ვუსურვებთ”,- განაცხადა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის თელავის ოფისის კოორდინატორმა თამარ მოდებაძემ.