ახალი ამბები

CSRDG – გლეხური მეურნეობები ფაქტობრივად არ კონტროლდება

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში რძის ნაწარმის შემოწმება 13 მუნიციპალიტეტში განახორციელა.

ჯამში მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე 42 ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი ჩატარდა. საიდანაც 12 შემთხვევაში მიკრობიოლოგიური დარღვევა აღმოჩნდა. დაბინძურებული 12 რძის პროდუქტიდან 11 არაეტიკეტირებული იყო, რაც მკვლევრებს აფიქრებინებთ, რომ არაეტიკეტირებული პროდუქციაში დარღვევების ალბათობა გაცილებით უფრო მაღალია. როგორც სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში აცხადებენ, მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ ნათლად აჩვენა და გამოკვეთა გარკვეული სისტემური პრობლემები. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბაზრის ძალიან დიდი ნაწილი მიუკვლევადია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბებია. ეს მასშტაბები არ არის საკმარისი. ძალიან დიდი ნაწილი მეწარმეების უკონტროლოდ არის დარჩენილი. გლეხური მეურნეობები, ფაქტობრივად არ კონტროლდება. გარევაჭრობას წლების მანძილზე არ ეშველა არაფერი. მცირე მოვაჭრეები თითქმის არ კონტროლდებიან და მთლიანობაში ვიღებთ იმას, რომ ბაზრის დიდ ნაწილში ფაქტობრივად არის განუკითხაობა.“-აღნშნა ვახტანგ კობალაძემ.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი სურსათის ლაბორატორიული შემოწმებების გაგრძელებას გეგმავს. ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის კონკრეტული პროდუქცია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ რომ ლაბორატორიული კვლევები პერმანენტულად გაგრძელდება.