რა მიიღო საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებს პროცესის დაწყებიდან
2023 წლის 14 დეკემბერი საქართველოსთვის ისტორიული დღეა, ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ეს ნიშნავს, იმას, რომ საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია და თუ “თიბისი კაპიტალის” კვლევას დავუჯერებთ, კანდიდატის სტატუსის მიღებიდან გაწევრიანებამდე, საშუალოდ, 6 წელია დარჩენილი. აღნიშნული გამოთვლა სხვა ქვეყნების მაგალითებიდან გამომდინარეობს და ცხადია, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია.
მანამდე გადავხედოთ, რა გზა გაიარა საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე და რა მიიღო ამ პროცესში, “თიბისი კაპიტალის” მიხედვით.
2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა AA-ს და DCFA-ს, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 2016 წლის ივლისიდან შევიდა ძალაში. 2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა, ხოლო, 2023 წლის ივნისში, ევროკომისიამ ზეპირი მოხსენება წარადგინა, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. უკვე 2023 წლის ნოემბერში, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა გარკვეული პირობით, 2023 წლის 14 დეკემბერს კი, კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.
რაც შეეხება ფინანსურ ინსტრუმენტებს, ევროკავშირმა საქართველოსთვის 304 მლნ ევროს ღირებულების პროექტი გამოყო, რომელიც გულისხმობს სამეზობლოს განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტებს, კერძოდ, ეკონომიკის, ინსტიტუტების, ციფრული სფეროსა და მწვანე გარდაქმნის მიმართულებით განვითარებას.
ხოლო, 1,2 მლრდ ევრო გათვალისწინებულია ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის მიმართულებით, რომელშიც იგულისხმება ელექტრო მონაცემთა კაბელი შავ ზღვაში, 80 000 მცირე და საშუალო მეწარმის მხარდაჭერა, საბორნე კავშირები შავ ზღვაში.