ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მსჯელობს

ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და იმსჯელებს გაფართოების პაკეტზე, რომელიც მოიცავს 10 ქვეყანას.

გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ორდღიანი სამიტის მიმდინარეობისას გამოაცხადებს.

ევროკავშირის სამიტამდე, 12 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრები შეიკრიბნენ. ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს გაფართოების შესახებ დასკვნაში აღნიშნულია, რომ „საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშს საქართველოს შესახებ, მის რეკომენდაციას და მოუთმენლად ელოდება განხილვას ამ საკითხთან დაკავშირებით“.

ამავდროულად, გუშინ ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.