ახალი ამბები

წელს კახეთში 2017 წლის შემდეგ ყურძნის ყველაზე ცუდი მოსავალი გვქონდა – მეხუზლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, წელს, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ყურძნის ყველაზე ცუდი მოსავალი იყო. როგორც ლევან მუხუზლამ აგრარულ საკითხთა კომიტეტზე აღნიშნა, 2017 წლის შემდეგ კახეთის რეგიონში ასეთი მცირე მოსავალი არ ყოფილა, მიზეზი კი ჭარბი ტენიანობით გამოწვეულ დაავადებებია.

მისი შეფასებით, წელს კახეთში მხოლოდ 204 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, თუმცა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, შემოსავალი თითქმის იგივე იყო, რაც 2022 წელს. კერძოდ, კახელი მეღვინეების წლევანდელი შემოსავალი 250 მლნ ლარს აღწევს.

„გაზაფხულზე არასასურველი კლიმატი იყო ვენახებისთვის, გადაუღებელმა წვიმებმა დაღი დაასვა ვენახებს, განსაკუთრებულად თეთრი ყურძნის, ამიტომ მასიურად იყო ჭრაქი და ნაცარი, რაც მაღალი ტენიანობითაა გამოწვეული. საბოლოოდ, შედეგი დადგა ის, რომ პირველად რაც მე ამ დარგში ვარ, საფერავის მოსავალი მეტი იყო ვიდრე რქაწითლის. კახეთის რეგიონში მხოლოდ და მხოლოდ 204 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია“,- აცხადებს ლევან მეხუზლა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა წელსაც განხორციელდა და რთველი 2023-ის სუბსიდიის საერთო ბიუჯეტი 50 მლნ ლარი იყო.