მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით სადაზღვევო კომპანიებისა და ბროკერების მონიტორინგი იწყება
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებით „მზღვეველისა და დაზღვევის შუამავლის მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებების რეალურ დროში შესრულების მონიტორინგის წესი“ დამტკიცდა.
ბრძანების თანახმად, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია, სადაზღვევო მომსახურების გაწევის ნებისმიერ ეტაპზე, რეალურ დროში განახორციელოს მზღვეველისა და დაზღვევის შუამავლის მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი
მონიტორინგი გულისხმობს იდუმალი მყიდველის მეთოდის გამოყენებას. მისი მიზანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება, მომსახურების ხარვეზების, დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და სამსახურის მხრიდან შესაბამის რეაგირებას.
„მონიტორინგის მიზანია რეალურ დროში დაკვირვების მეშვეობით, მზღვეველის და დაზღვევის შუამავლის მიერ, მომხმარებლის უფლებების დაცვის თაობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის შემოწმება, მოქმედი მარეგულირებელი ნორმების შესრულების შეფასება, დაზღვევის სფეროში დადგენილი სტანდარტების ეფექტურობის შეფასება, სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ვითარების კვლევა და ნებისმიერი შეუსაბამობის პრევენციული აღმოჩენა,“ – ნათქვამია დოკუმენტში.
ახლად დამტკიცებული წესის თანახმადვე, მონიტორინგი შესაძლოა განხორციელდეს როგორც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლის, ისე კერძო მკვლევრის ან კვლევითი ორგანიზაციის მიერ.
მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს საველე, დისტანციური ან ჰიბრიდული შემოწმების ფორმით. მონიტორინგი ხორციელდება გარკვეული პერიოდულობით, მთლიანად სადაზღვევო სექტორის ან შერჩეული ერთი ან რამდენიმე სუბიექტის მიმართ.
ამასთან, ზედამხედველმა მონიტორინგი უნდა განახორციელოს შესამოწმებელი პირის წინასწარი შეტყობინების გარეშე, სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს. მონიტორინგის დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, გაკეთდეს აუდიოჩანაწერი.