ახალი ამბები

დავით მესხიშვილი-აუცილებელია ავტოსკოლების სავალდებულო ლიცენზირების შემოღება

„ქვეყანაში ავტოსკოლის გახსნა დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გარეშე, რის გამოც, ქვეყანაში უამრავი თვითმარქვია ავტოსკოლა ფუნქციონირებს“ , – ამის შესახებ „გრინლაით კონსალტინგის“ დამფუძნებელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ ფაქტორიდან გამომდინარე, აუცილებელია ავტოსკოლების სავალდებულო ლიცენზირების შემოღება და კონტროლის მექანიზმის გამკაცრება.

„ავტოსკოლას პროფესიული სასწავლებლის სახე უნდა ჰქონდეს და მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე შეეძლოს მომსახურების გაწევა, – ეს არის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ავტოექსპერტებს და ასევე ბიზნესის ნაწილს აქვს. დღეს ეს საქმიანობა საქართველოში არალიცენზირებულია, რაც უამრავ პრობლემას აჩენს. როგორც უკვე გითხარით, ქვეყანაში ავტოსკოლის გახსნა დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გარეშე… გარკვეული ავტოსკოლები რეგისტრაციას მომსახურების სააგენტოში გადიან, თუმცა ეს არ არის საკმარისი და დარგის მოსაწესრიგებლად, რეფორმაა გასატარებელი“, – განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ დავით მესხიშვილმა.

მისივე განმარტებით, ავტომობილის მართვა ერთ-ერთი საშიში პროფესიაა და ნებისმიერი შეცდომა, შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს, ამიტომ, განსაკუთრებულ სწავლებას საჭიროებს.

,,სწავლების ნაწილში, დავით მესხიშვილი არაჯანსაღ კონკურენციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არარეგისტრირებული სკოლებისთვის კონკურენციის გაწევა დღეს რეგისტრირებულ ავტოსკოლებს უჭირთ. „არარეგისტრირებულ სკოლებს არ აქვთ არანაირი გადასახადი და შესაბამისად, მძღოლობის კანდიდატებს, დაბალ ფასებში ამზადებენ“, – განმარტა „გრინლაით კონსალტინგის“ დამფუძნებელმა.

ავტოექსპერტები ამბობენ, რომ ამჟამად, ქვეყანაში, დაახლოებით, 1000-ზე მეტი ავტოსკოლა ფუნქციონირებს, რომელთა ძალიან მცირე ნაწილია რეგისტრირებული. განათლების დონის ამაღლების და ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენციის მოწესრიგების მიზნით, ისინი ავტოსკოლების რეფორმის გატარებას რაც შეიძლება მოკლე ვადებში ითხოვენ.