დღეიდან აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე გაზრდილი ჯარიმები ამოქმედდა
დღეიდან აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე გაზრდილი ჯარიმები ამოქმედდა.
როგორც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჯარიმის აქამდე დადგენილი ოდენობები დარღვევის პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა და უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა.
ცვლილებების მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 1 500 ლარის ოდენობით.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში 500 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 5 000 ლარი. იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 10 000 ლარის ოდენობით.