თელავის უნივერსიტეტში ნაფიც-მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება
2023 წლის 10 დეკემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პირველი, შიდასაუნივერსიტეტო რაუნდი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული ფაკულტეტის 8 სტუდენტი, 12 ნაფიც-მსაჯული უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებიდან, 4 სტუდენტი კი, შეასრულებს მოწმის როლს. დაცვის მხარეს შეაფასებს მოქმედი ადვოკატი – ლედი კორძაძე, ბრალდების მხარეს – მოქმედი პროკურორი, ვლადიმერ ბექიშვილი.
პროცესს ასევე დაესწრებიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. პროექტში ჩართულ ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი.
ნაფიც-მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი შემუშავებულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის პოპულარიზაციის მიზნით მომავალ იურისტებსა და საზოგადოების სხვა წევრებს შორის როგორც თბილისიდან, ისე სხვა რეგიონებიდან.
პროექტი მომავალ იურისტებს შესაძლებლობას მისცემს გაიაზრონ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის უპირატესობები და თავისებურებები და განავითარონ შესაბამისი საჭირო უნარ-ჩვევები. პროექტი ასევე ითვალისწინებს სხვა ფაკულტეტის 150-ზე მეტი სტუდენტის ჩართულობას ნაფიცი-მსაჯულების სახით.
ჩემპიონატი ორგანიზებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ, აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით. პროექტის განხორციელებაში ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებენ საქართველოს პროკურატურა და საქართველოს უზენაესი სასამართლო.
ჩემპიონატის პირველი რაუნდი მოიცავს შიდასაუნივერსიტეტო იმიტირებულ სასამართლო პროცესებს თითოეულ მონაწილე 12 უნივერსიტეტში. საუკეთესო ორი გუნდი თბილისის უნივერსიტეტებიდან და საუკეთესო ორი გუნდი საქართველოს სხვა რეგიონებიდან გადაინაცვლებენ ნახევარფინალში. ნახევარფინალები და ფინალები გაიმართება საქართველოს უზენაეს სასამართლოში – საუკეთესო გუნდსა და ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცემათ თასი და პრიზები.