საპენსიო სესხების რეკლამირება იკრძალება
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, საპენსიო სესხების რეკლამირება იკრძალება.
კერძოდ, იკრძალება პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება.
შესაბამისად, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს.
როგორც სებ-ში განმარტავენ, ცვლილების მიზანია ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან.