დავითაშვილი: კომერციული გაზის ტარიფის ცვლილების გამო პურზე ფასი არ გაიზრდება
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მტკიცებით, კომერციული გაზის ტარიფის მატების გამო პურზე ფასი არ გაიზრდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
დავითაშვილის თქმით, ბიზნესისთვის გაზის გაძვირება “არ ეხება პირდაპირ მოსახლეობას” და ირიბად აისახება ინფლაციაზე.
„საზოგადოებისთვის ცნობილია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის ინფლაციის მონაცემები და ერთ-ერთი ის მიმართულება, სადაც ფასები შემცირდა, იყო სასურსათო პროდუქტები. არც პურზე ველოდებით ფასების ზრდას, პირიქით, ეს წნეხი მოსახლეობას მოეხსნა. გაზის კომერციულ ნაწილში ხდება ფასის ცვლილება და ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი – ეს არის კომერციული სექტორი, რომელიც დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასებზე. ეს არ ეხება პირდაპირ მოსახლეობას, ამას აქვს ირიბი ასახვა ინფლაციაზე. გაზის ფასი იცვლება ხოლმე და წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შემცირება, უფრო მეტი შემცირება, ვიდრე ახლა არის ზრდა მოსალოდნელი იანვრის თვის დასაწყისიდან. ასე, რომ შემცირების ეფექტი უკვე იყო ასახული ეკონომიკაზე.
ამაზეც არის შეთანხმება, რომ პურის მცხობელ მსხვილ კომპანიებს განსაკუთრებული პირობები აქვთ ანუ არც სხვა წინაპირობები გვაქვს პურის ფასის გაზრდის, მათ შორის, არც გაზის ფასიდან გამომდინარე. ჩვენ ასევე შევაფასეთ ინფლაციაზე ეფექტი და უმნიშვნელოა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისსა და რეგიონებში კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება. კერძოდ, “თბილისი ენერჯის“ განცხადებით, პირველი იანვრიდან, ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი 1.24 ლარის ნაცვლად 1.29 ლარი იქნება. გაზრდილი გაზის ტარიფი შეეხება თბილისში არსებულ პურის საწარმოებსაც. ტარიფი იზრდება რეგიონებშიც. „სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებით, პირველი იანვრიდან ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი 1.25 ლარის ნაცვლად 1.29 ლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ტარიფი უცვლელი დარჩება მხოლოდ იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომლებიც ხორბლის ფქვილის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით სარგებლობენ.
თბილისშიც და რეგიონებშიც უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფი, რომელიც სემეკის მიერ არის დადგენილი.