ოთხწლიანი ძებნის შემდეგ, კახეთში ქალის მკვლელობაში ბრალდებული საფრანგეთში დააკავეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობისა და 61 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირის საქმის განხილვა, თელავის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო.
თელავში მცხოვრები დ. პ-ის, სისხლის სამართლის საქმე, ამავე ფაქტზე უკვე მსჯავრდებული სამი პირის საქმისგან, ცალკეა გამოყოფილი.
2019 წელს, მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, პოლიციამ ორი ბრალდებული იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, არალეგალური გზით, აჭარიდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას გეგმავდნენ. ჯგუფის მესამე წევრი კი, სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში აიყვანეს.
დ. პ.-ს რომელმაც მიმალვა იდენტიფიცირებამდე მოასწრო, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ქალზე თავდასხმის ორგანიზატორს, გარდაცვლილის თანაკლასელს, ტ. ლ.-ს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, დ. ჯ.-ს ასევე 20 წლით, თ. მ.-ს კი 17 წლით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოთხივე პირი, წარსულში ნასამართლევია.
მკვლელობის ფაქტი, 2019 წლის 6 ნოემბერს მოხდა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, ძალის გამოყენებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქალს და საცხოვრებელი სახლიდან ფული და სამკაულები გაიტაცეს. თავდასხმის შედეგად, ქალი გარდაიცვალა. ცხედარს, რომელიც პოლიციამ საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში, სკამზე ხელფეხშეკრული ნახა, ძალადობის კვალი მთელს სხეულზე აღენიშნებოდა.
განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.