ენმ-ს კახეთის ორგანიზაციის რვა წარმომადგენელი, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კახეთის ორგანიზაციის რვა წარმომადგენელი, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს.
პარტიის წარმომადგენლებმა, რომელთა შორის საკრებულოების წევრებიც არიან, განცხადება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს.
“ამ წუთამდე ველოდით ენმ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის და ე.წ პოლიტსაბჭოს ბრიფინგს, თუმცა პარტიაში დაძაბულობის მოხსნისა, ერთმანეთისკენ გადასადგმელი ნაბიჯების, ერთიანობის შესახებ ვერაფერი მოვისმინეთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ენმ კახეთის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, აქტიური მხარდამჭერები მივმართავთ ენმ-ის თავმჯდომარეს.
თითქმის ერთი წელია, რაც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილია პარტიისთვის დამაზიანებელი სიტუაცია, რაზეც პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი. დრო მიდის და იმის მაგივრად, რომ გადამწყვეტ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ შევხვდეთ ერთიანი ძალებით, ვისმენთ დაუმსახურებელ ბრალდებებს. მიგვაჩნია რომ პარტიას ჭირდება ე.წ. გადატვირთვა. ამის რესურსი პარტიას და თანამებრძოლებს ჯერ კიდევ გაგვაჩნია. მოვუწოდებთ, ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს თანამდებობა და უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.
სიღნაღის, თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-,აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს 8 წევრი აწერს.
მანამდე, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, ქუთაისის, ამბროლაურის, ფოთის, მცხეთისა და ახალციხის საკრებულოების ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც მოუწოდებდნენ.