თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის შესახებ კონკურსი გამოცხადდა
თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის და პროექტირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს, რომელსაც პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო 3-წლიანი გამოცდილება აქვს. ასევე, მსგავსი მომსახურების გამოცდილება გააჩნია.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკურსანტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 4500მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილებაც.
„ღია ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებს. საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსანტს უნდა ჰყავდეს თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია არქიტექტორად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება და დაპროექტებული ექნება მინიმუმ ერთ მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობა. მოსამზადებელი პროექტი მოიცავს აეროპორტის კონცეპტუალურ და სქემატურ დიზაინს. მომწოდებელმა უნდა მოამზადოს შენობის და მიმდებარე ტერიტორიის გეგმარების კონცეპტუალური პროექტი, რაც გულისხმობს სხვადასხვა კომპონენტის მომზადებას. მათ შორის: შენობების ექსტერიერის დიზაინს მინიმუმ სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცით დაგეგმარებას; შენობების ინტერიერის სქემატურ დიზაინს; შენობების ინტერიერის, ექსტერიერის, ლანდშაფტის რენდერებს და ა.შ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კონკურსის დეტალური პირობების, საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხილვა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო და ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე – https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=544934&lang=ge
წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 22 დეკემბერი.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, თელავში ახალი, თანამედროვე აეროპორტი აშენდება. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თელავის აეროპორტი პირველ მგზავრს 2024 წლის მაისისთვის მიიღებს.
„თელავში მოგეხსენებათ იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ და ავაშენოთ, შევქმნათ თელავის ახალი თანამედროვე აეროპორტი. ჩვენ პროექტირებას და მშენებლობას წელსვე დავიწყებთ და გვინდა, რომ პირველი მგზავრი 2024 წლის მაისში მიიღოს. პროექტირება და მშენებლობა მალე დასრულდება.
პროექტისთვის 25-30 მლნ ლარია გამოყოფილი. ინფრასტრუქტურას მთლიანად განვაახლებთ. 1 700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და განახლდება მთელი ინფრასტრუქტურა. შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები და მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები.
ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს მოემსახურება და შეეძლებათ იფრინონ კომფორტულად. აუცილებელია შიდა რეისების განვითარება და ამისთვის, მთავრობა ვეხმარებით კერძო სექტორს. ჯამში, საქართველოში იქნება 6 თანამედროვე აეროპორტი” “,– განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, თელავში მდებარე ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი „მიმინო” აშენდა 1983 წელს და თითქმის 10 წელი უწყვეტად იმუშავა. მუშაობა 1992 წელს შეაჩერა. შემდეგ აეროპორტი მთლიანად გაიძარცვა და განადგურდა.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში მყოფი ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი “მიმინო” 2012 წელს გაიხსნა.
აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.
ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან. ადგილზე სამი ტიპის : Cessna 152, Aeroprakt A-22 და Tecnam P2006T თვითმფრინავებია წარმოდგენილი.