ახალი ამბები

30 ნოემბერს, თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება

30 ნოემბერს, თელავი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს.

ღონისძიებაზე მისულ სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ 25-მდე კომპანიის, 300-მდე ვაკანსიას გაეცნონ. ვაკანსიების ძირითადი მიმართულებებია; საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ფარმაცევტული მიმართულება, სამშენებლო სექტორში არსებული პროფესიები, სასტუმრო და სარესტორნო სფერო, სატრანსპორტო და საბანკო მიმართულება.

კახეთის გუბერნიის ინფორმაციით, სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან სივრცეში, რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს გაეცნონ და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმონ შემდგომი თანამშრომლობა.

ფორუმის ფარგლებში სტუმრებს, წინა საახალწლოდ მცირე მეწარმეების, თვითდასაქმებულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ დამზადებული სხვადასხვა პროდუქტებისა და ნაკეთობების დათვალიერება და შეძენაც შეეძლებათ. ღონისძიება თელავში, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ”-ის პირველ სართულზე, 13:00 საათზე დაიწყება.