ახალი ამბები

საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღესვე გაიმართება ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა, სადაც ევროკავშირის მიერ გაცემულ სხვა პრიორიტეტებზეც იქნება განხილვა. კერძოდ, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, განიხილება 9 რეკომენდაციის შესახებ სამოქმედო გეგმა, რომლის შესახებაც პარლამენტის წევრებთან სამუშაო შეხვედრისას უკვე იმსჯელეს.

„ჩვენ დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ სამოქმედო გეგმას, წინასწარ უკვე შედგენილი გვაქვს ერთგვარი მონახაზი. თითოეულ ამ ნაბიჯზე და რეფორმებზე გვაქვს კონკრეტული ხედვა, გაწერილი გვექნება შესაბამისი სამოქმედო გეგმა და შესრულების ვადებიც“,- განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, ევროპელ კოლეგებთან სამოქმედო გეგმის შესახებ შეხვედრებს, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, თავადაც გამართავს.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა გარკვეული დათქმებით. გამოქვეყნებული შეფასების ანგარიშის მიხედვით, საქართველოსთვის გაცემული 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამია შესრულებული. კანდიდატის სტატუსი მინიჭების დათქმები სწორედ დარჩენილი პრიორიტეტების შესრულებას გულისხმობს, რომელთა შორისაც ჯერ კიდევ რჩება დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო და სხვა პრიორიტეტები.