ახალი ამბები

კვეტერას ციხე-ქალაქი ახმეტაში- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ

კვეტერას ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ცენტრი იყო. მის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ.

ის წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. აღნიშნული მოსაზრება ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიებითაც დასტურდება.

ციხე-ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა_ გუმბათოვანი ეკლესია.

კახთა მეფე კვირიკე III-მ (1010-1037 წწ.) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კვეტერის საერისთავო.

კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც: ბაგრატ IV-მ (1027-1072 წლები), რომელმაც 1040-1043 წლებში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა, კვეტერის აღება ვერ შეძლო.

საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის საისტორიო წყაროებში უკვე აღარ იხსენიება. 1968 წელს კვეტერაში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა.

გათხრებმა გამოავლინა დარბაზული ეკლესიის ნაშთი, ასევე, დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ჭურჭელი და სხვა ნივთები, რომლებიც დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში ინახება.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერას ციხე-ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ფოტოები: ბადრი ვადაჭკორია

default
default
default
default
default
default
default
default
default