დაწესებულებების გარე ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებით აღჭურვა სავალდებულო გახდა
უსაფრთხოების ნორმების, საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაიზარდოს გარე ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების მასშტაბი, გავრცელების არეალი და ტექნიკური მონაცემები, რომელიც გაზრდის სუბიექტების ვიზუალური დათვალიერების შესაძლებლობას და გააუმჯობესებს პიროვნების იდენტიფიცირების ეფექტურობას.
აღნიშნული რეგულაციები სხვადასხვა ტიპის კომერციულ დაწესებულებას ავალდებულებს, მათ დაქვემდებარებაში მყოფი ობიექტები, გარე პერიმეტრზე ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებით აღჭურვონ. მოთხოვნა კი უკვე 2024 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა შესრულდეს.
საინტერესოა, უფრო კონკრეტულად, რა მოეთხოვება კომერციულ ობიექტებს და როგორ უნდა შეასრულონ რეგულაციები სწრაფად და ეფექტიანად?
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, მოთხოვნა ვრცელდება გარე პერიმეტრზე, კერძოდ ქუჩაზე და ობიექტის შესასვლელებზე. ამასთან, აღნიშნული რეგულაცია ეხება ობიექტებს, რომლის წლიური ბრუნვა 500,000 ლარს და მეტს შეადგენს. მათ გარე პერიმეტრზე სამი კამერა უნდა გამართონ: 2 მთავარ, ხოლო ერთი – სათადარიგო შესასვლელთან.
როგორი პარამეტრების მქონე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა უნდა დაამონტაჟოს კომერციულმა ობიექტებმა? შეუძლია თუ არა ობიექტს არჩევანი გააკეთოს ანალოგურ და ქსელურ IP კამერას შორის?
გასათვალისწინებელია, რომ შენობა-ნაგებობის მიერ ანალოგური კამერის დამონტაჟება არ ჩაითვლება დადგენილებით გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლების მოთხოვნების შესრულებად. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებს:
ვიდეოკამერა:ქსელური (IP);
კამერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი
მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიური განათების გარეშე);
დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს შენობა-ნაგებობის მთავარი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის ვიზუალურად დანახვა;
ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი, არანაკლებ 5 კადრი წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის), (ავტოგასამართი სადგურისა და კომპლექსის შემთხვევაში ავტომანქანის სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ზუსტი იდენტიფიკაციის საშუალებას;
სერტიფიკატი: აპარატურას უნდა გააჩნდეს ISO სერტიფიკატი.