გურჯაანში მცხოვრები ნინო იმერლიშვილი ნაქსოვ სათამაშოებს ქმნის
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრები ნინო იმერლიშვილი, ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. ის ბავშვის სამოსს, ქუდებს, კაშნებს და თოჯინებს ქსოვს.
ნინო ამბობს, რომ ქსოვა ბავშვობიდან უყვარდა. ქსოვდა სხვადასხვა სახის ტანსაცმელს, ქუდებს, ჩანთებს, თუმცა ბოლო პერიოდია, რაც ძირითადად ნაქსოვ სათამაშოებს ამზადებს. მისივე განმარტებით, სხვადასხვა თემატიკის სათამაშოების დამზადება ინტერნეტის საშუალებით.
,,2006 წელს დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, 12 წელია ვმუშაობ ლიბერთი ბანკში, თავისუფალ დროს დაკავებული ვარ ხელსაქმით. ქსოვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და ვქსოვდი რის საშუალებასაც მაძლევდა მაშინდელი ცოდნა და სამუშაო მასალა. ვქსოვდი კაშნებს, ქუდებს ტანსაცმელს, ბავშვის ფაჩუჩებს და სხვა.
9 წლის უკან როდესაც მეორე შვილს ველოდებოდი, ინტერნეტში ვეძებდი იდეებს, რომ მომექსოვა ბავშვის სამოსი და შემთხვევით შევხვდი ნაქსოვ დათუნიას. ძალიან მომეწონა და დავიწყე ვიდეო გაკვეთილით მისი მოქსოვა. შემდეგ სხვა სათამაშო ვნახე და ასე დაიწყო ჩემი გატაცება სათამაშოებით, რამაც ახლობლების და მეგობრების დიდ მოწონება დაიმსახურა ამან კი მომცა მოტივაცია უფრო დამეხვეწა ჩემი წამუშევრები. ქსოვა დედამ მასწავლა 6 -7 წლის ვიქნებოდი, პირველი სრულყოფილი ნამუშევარი ბავშვის ფაჩუჩები იყო.’’,– განუცხადა Knews.ge-ს ნინო იმელიშვილმა.
ნინო ამბობს, რომ ქსოვა მისთვის განტვირთვის საშუალებაა და თავისუფალ დროს ყოველთვის ქსოვს. მისი განმარტებით,სხვადასხვა სახის და ზომის სათამაშოს განსხვავებული დრო ჭირდება. როგორც თავად ამბობს, თავდაპირველად სათამაშოების ქსოვა განტვირთვის საშუალება იყო, სამიზნე აუდიტორიის დაინტერსების შემდეგ კი საყვარელი საქმე ბიზნესად აქცია.
,,დიდ დროს ვერ ვუთმობ საყვარელ საქმიანობას, ძირითადად ღამით ვიწყებ ქსოვას და სირთულიდან გამომდინარე განისაზღვრება სათაშაშოს შექმნის დრო, 3 ან 4 დღე. თავდაპირველად ეს იყო მხოლოდ განტვირთვა, ძალიან ბევრი სათამაშო გავაჩუქე. ყოველთვის მახარებს ის ფაქტი, რომ სხვას ვახარებ ჩემი ნამუშევრებით. შემდეგ წამოვიდა შეთავაზება ნაცნობებისგან, რომ სურდათ შეძენა.
ბევრი ვიფიქრე თითქოს უხერხულობას მიქმნიდა რომ გამეყიდა. შემდეგ დავთნხმდი და ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი თანდაყოლილი უნარი, რითიც შემიძლია გამოვიმუშაო დამატებითი შემოსავალი. თანდათან უფრო მეტმა ადამინმა გაიგო ჩემი საქმიანობის და თვითონ მიკავშირდებიან. აქტიურ გაყიდვებში ჯერ არ ვარ ჩართული, თუმცა სამომავლო მიზნად დავისახე, რომ უფრო ფართო საზოგადოებამ ნახოს ჩემი ნამუშევრები.
ვინაიდან ჯერ არ ვარ აქტიურად ჩართული ამ საქმიანობაში, არ ვარეკლამებ ნამუშევრებს და შესაბამისად მოთხოვნა დიდი არაა. სხვების ნამუშევრებს ვერ შევადარებ, რადგან ყველას თავისებური ხედვა აქვს, ხარისხი რა თქმა უნდა ბევრად განსხვავდება პირველად დამზადებული სათამაშოებისგან. ასევე ქსოვის ტექნიკაც დავხვეწე დროსთან ერთად.
პირველად ისიც არ ვიცოდი რა მასალის ძაფით უნდა მომექსოვა სათამაშო, ჩემი დროის სიმცირიდან გამომდინარე ვერ ვვაქტიურობ გაყიდვების კუთხით, თუმცა ეხლა შეკვეთები შედარებით მეტია. რაც შეეხება სათამაშოების იდეებს, ისტერნეტში ვნახულობ, მაგრამ ხშირად ჩემი ხედვით ვცვლი მათ დიზაინს’’,- აღნიშნავს knews.ge- სთან საუბრისას ნინო იმერლიშვილი.
ნინო იმერლიშვილი აცხადებს, რომ ხელოვანებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ, დიდი მნიშვნელობა აქვს გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას.
,,გასულ წელს მონაწილეობა მივიღე გურჯაანის ღვინის ფესტივალში და მაშინ მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია აქტიურობა, რომ ფართო საზოგადოებამ გაიცნოს ჩემი ნამუშევრები. საღამოს სახლში დაბრუნებულს ორი მომხმარებელი დამიკავშირდა და შეიძინეს სასურველი სათამაშო.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რადგან უფრო მეტი იდეები მიჩნდება და ნამუშევრებიც და მასალაც დროსთან ერთად იხვეწება, მინდა უფრო ცნობადი გახდეს ჩემი თოჯინები. დიდი სურვილი მაქვს მქონდეს ინტერნეტ გვერდი, ლამაზი დიზაინით და სახელით. ჩემს თავს მივეცი პირობა რომ ამისთვის კიდევ ძალიან ბევრს ვიშრომებ’’,- განაცხადა ნინომ.