ახალი ამბები

IRI – გამოკითხულთა 54%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, 39%-ს კი – სწორი მიმართულებით.

7%-მა განაცხადა, რომ არ იცის ან უარი თქვა პასუხზე.

ამასთან, მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ყველაზე დიდია 18-35 და 35-55 წლოვან ჯგუფებში (56-56%) და ურბანულ დასახლებებში (59%).

ამავდროულად, გამოკითხულთა უმრავლესობა – 54% – თვლის, რომ საზოგადოებაში გაბატონებული განწყობა ოპტიმისტურია. 32% თვლის, რომ ნეიტრალურია, ხოლო 14% გაბატონებულ განწყობას, როგორც პესიმისტურს აფასებს. პესიმისტური განწყობები ყველაზე მეტია 18-35 წლოვან ჯგუფში (17%) და თბილისში (19%).

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.