უხუცესი ქისტი მწერალი ხასო ხანგოშვილი გარდაიცვალა
უხუცესი ქისტი მწერალი ხასო ხანგოშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას პანკისის ხეობაში ადასტურებენ.
ადგილობრივების განმარტებით, ხასო ხანგოშვილი, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ხშირად ავადმყოფობდა და ექიმებმა რამდენჯერმე მოახერხეს მისი სიცოცხლის გადარჩენა.
“ავადმყოფობდა, განსაკუთრებით, გებიშ ხანგოშვილის ავარიით გარდაცვალების შემდეგ. იმდენად სულგრძელი კაცი იყო, შვილის მკვლელს აპატია დანაშაული. ყველასთვის მაგალითის მიმცემი, ვაჟკაცობის ეტალონი კაცი იყო. დიდი დანაკლისია ხეობისთვის, იმდენ კარგ და სასიკეთო საქმეში იღებდა მონაწილეობას. თავად კავკასიის ხალხი სცემდა პატივს, ძალიან სახელგანთქმული იყო ჩვენი უხუცესი”,- ამბობენ პანკისის ხეობის მცხოვრებლები.
ხასო ხანგოშვილის შესახებ სამძიმრის ტექსტს ავრცელებს კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი.
,,მწუხარებას გამოვთქვამთ ორგანიზაციის დიდი მხარდაჭერის, უხუცესთა საბჭოს წევრის, მწერლის და ფილოლოგის/ისტორიკოსის ხასო ხანგოშვილის გარდაცვალების გამო. „ქისტური სამართლის კოდექსი“ პირველი ისტორიული წიგნია, რომელიც ხასო ხანგოშვილის უშუალო ჩართულობით და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით გამოიცა. ხასო ხანგოშვილთან თანამშრომლობით კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა მოახერხა საუკუნოვან ადათობრივი სამართლის წიგნში ქალთა უფლებების ნაწილში ძირეული ცვლილებები შეეტანა, მათ შორის დღის წესრიგიდან მოიხსნა ნაადრევი ქორწინების ტრადიცია.
ხასო ხანგოშვილი ძლიერი საყრდენი იყო პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის, ჯანსაღი აზრის გამტარებებილი, ხეობის დამცველი, ყველა მნიშვნელოვანი საქმის ინიციატორი და გადაწყვეტილების მიღების პროცესის აქტიური მონაწილე. იყო ადგილზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდამჭერი და დამცველი.
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ხეობის მოსახლეობას, ხასო ხანგოშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია, როგორც ოჯახისთვის და ხეობისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის.”
ხასო ხანგოშვილი წლების განმავლობაში, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, წევრი და საზოგადოებრივად აქტიური პიროვნება იყო. ხასო ხანგოშვილი მუდმივად ჩართული იყო, ხეობაში მიმდინარე პროცესების დადებითად რეგულირებისა და გადაწყვეტის საკითხებში, პანკისის სათემო რადიოში მიჰყავდა საავტორო გადაცემა- “ქართულ- ქისტური ურთიერთობები”.
ის იკვლევდა და წერდა კავკასიელი ხალხის, მათი ცხოვრებისა და ბრძოლის ისტორიაზე. ხასო ხანგოშვილს ეკუთვნის ისტორიული ნარკვევი “ქისტები”, მისი რედაქტორობითაა გამოცემული “ქისტური სამართლის კოდექსი”.
2021 წელს, ქისტი მწერალი, საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზისათვის, ნაშრომით “ქისტები (100 ამბავი)” “საბას”პრემიაზე იყო წარდგენილი.