ახალი ამბები

სოფელ კალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს სოფლის დასავლეთით 1 კილომეტრზე, სასაფლაოს ტერიტორიაზე.

ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ეკლესია განეკუთვნება VI-VII საუკუნეებს, ხოლო ინტერიერში შემორჩენილი ფრესკები, მე-XV საუკუნეს.
ძეგლი გეგმარებით,სამნავიანი ბაზილიკას წარმოადგენს. მისივე განმარტებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მრავალი ეკლესიაა, თუმცა კედლის მხატვრობა მხოლოდ რამოდენიმეშია შემორჩენილი (ზეგაანის წმინდა ,,მარინეს” ეკლესია, კალაურის ,,სამების” ეკლესია და ვეჯინის ამაღლების ეკლესია).

,,კალაურის წმინდა გიორგის ეკლესიაში, ჩრდილოეთის კედელზე წმინდა ნინოს ფრესკა იქნა აღმოჩენილი, რომელიც სანთლის ჭვარტლით იყო მთლიანად დაფარული. ფრესკების საკონსერვაციო-გამაგრებითი სამუშაოების დროს, წლების წინ, როცა ჩამოფხიკეს შეჭვარტლული კედლები, წმინდა ნინოს ფრესკა გამოჩნდა, სადაც წმინდანი მთელი ტანით არის წარმოდგენილი. ასეთი სახით, წმინდა ნინო არცერთი ეკლესიის ფრესკაზე არ გხვდება.თავთან ასომთავრული ასოებით წერია – ნინო. კალაურის წმინდა გიორგის ეკლესია, ადრეული შუა საუკუნების ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია”,– აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.

ფოტოები: თამაზ მარკოზაშვილი