ევროკავშირის მხარდაჭერით, წინანდალში, სათემო ლიდერთა ფორუმი გაიმართება
16-17 ნოემბერს, კახეთში, რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში, ,,სათემო ლიდერთა ფორუმი 2023” გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) თემის განვითარების პროგრამის ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ხორციელდება.
ფორუმში მონაწილეობას იღებენ თემის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე, სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროექტის ასევე მხარს უჭერს, ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ნორვეგია და ბირმინგემის უნივერსტეტი.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, სათემო ლიდერთა წლევანდელი ფორუმი მრავალფეროვანი პროგრამითაა წარმოდგენილი. სტუმრები გაეცნობიან სხვადასხვა საინტერესო სათემო ორგანიზაციასა და მათ პროექტებს, ჩაერთვებიან არაერთ პანელურ დისკუსიაში და მონაწილეობას მიიღებენ 2021-2022 წლების საუკეთესო სათემო ინიციატივის დაჯილდოებაში.
„თემის გაძლიერება დამატებით შესაძლებლობებს ქმნის მოსახლეობისთვის გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი, მოახდინონ ცოდნისა და გამოცდილების ეფექტიანი რეალიზება და წარმოადგინონ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის გზები. აღნიშნული ფორუმით ხელს ვუწყობთ სათემო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და აქტიურ მოქალაქეებს ხმამაღლა ისაუბრონ საკუთარი მიღწევების შესახებ, გაუზიარონ ერთმანეთსა და ფართო საზოგადოებას არაჩვეულებრივი ინიციატივები, გაიცნონ პოტენციური პარტნიორები და მიიღონ ინფორმაცია მათთვის აქტუალურ საკითხებზე.“ – აცხადებს CSRDG-ის აღმასრულებელი დირექტორი ეკა ურუშაძე.
წელს, პანელური დისკუსიის დროს განიხილება შემდეგი თემები: თვითმმართველობასთან თანამშრომლობა (საუკეთესო პრაქტიკები და გამოწვევები), ტურიზმი სოფლად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, თემის ისტორიული მეხსიერება და კულტურული მემკვიდრეობა. თითოეულ პანელს ჰყავს მასპინძელი და რამდენიმე სპიკერი, რომლებიც დამსწრე საზოგადოებასთან ინტერაქციულ, საინტერესო დისკუსიებს გამართავენ.
„სათემო ლიდერთა ფორუმი“ გამორჩეული ღონისძიებაა, რომელიც CSRDG-ის ორგანიზებით, 2015 წლიდან რეგულარულად ტარდება. ფორუმის მიზანია, სათემო ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისათვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება, სათემო ორგანიზაციების პოპულარიზაცია, თემთა შორის კონტაქტების გაღრმავება და რეგიონებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ღონისძიების თემატიკა ყოველწლიურად იცვლება სათემო ორგანიზაციების არსებული მოთხოვნების, საჭიროებებისა და სურვილების შესაბამისად.
ფორუმი ტარდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).