სოფელ კისისხევთან მდებარე სამონასტრო კომპლექსის კვლევითი სამუშაოები დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევთან მდებარე წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის სამონასტრო კომპლექსის კვლევითი სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოხდა გამოქვაბულთა კომპლექსის ფიქსაცია, რაც გულისხმობს აეროფოტო და ტოპოგრაფიულ გადაღებებს, წერილობით, გრაფიკულ და გეოგრაფიულ (ჯპს კოორდინატებით) ფიქსაციას.
გარდა უშუალოდ გამოქვაბულებისა, იგივე მეთოდიკით დაფიქსირდა მთლიანად სამონასტრო კომპლექსი, რის შედეგადაც მომზადდა წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური რუკა.
მოხდა სამონასტრო კომპლექსის შესახებ არსებული ბიბლიოგრაფიული მონაცემებისა და წერილობითი წყაროების/საარქივო მასალების მოძიება, დამუშავება და ანალიზი.
აღნიშნულ კომპლექსურ სამუშაოებზე დაყრდნობით მომზადდა ფუნდამენტური კვლევა, რომელსაც გარდა სამეცნიერო დატვირთვისა, პრაქტიკული ფუნქციაც აქვს ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით.